Wednesday, May 28, 2014

25

"წადით, მომწყდით თავიდან,
დაბერება არ მინდა!."
"პეპი გრძელიწინდას" ბოლო თავში, როცა პეპი, ტომი და ანიკა გადაწყვეტენ, რომ არასოდეს დაბერდნენ, აბებს ამ სიტყვებით ყლაპავენ. მიკვირდა ამ ბავშვების. მაშინ ხომ ერთი სული მქონდა, როდის გავიზრდებოდი.
სამაგიროდ, "კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი" მაგდებდა დეპრესიაში. ევა-ლოტა გამუდმებით იმეორებდა, როგორი იქნებოდა, როცა ძალიან მოხუცდებოდა და 25 წლის გახდებოდა.

საუკუნის მეოთხედი ბევრია მაშინ, როცა საუკუნის მეოთხედის ხარ. აი, ნახევარი საუკუნის რომ გავხდები, ალბათ, ისევე ვინატრებ 25 წლის ასაკს, როგორც ახლა მინდა 15 წლის ვხდებოდე. თუმცა, ასაკის მატებას ისე აღარ განვიცდი, როგორც ამაზე ორი-სამი წლის წინ ვნერვიულობდი.

ადამიანები ცხოვრებაში ერთხელ ვხდებით გარკვეული ასაკის. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისგან მსმენია, როგორ არ უყვარს თავისი დაბ.დღე. მაინც არ მჯერა. ეს ჩვენი პირადი დღესასწაულია, რომელზეც ყველაზე განსაკუთრებულად ვგრძნობთ თავს. ჩვენ და ჩვენი მშობლები (ჰხო, ეგ გრძნობაც მაინტერესებს, როგორია შენი შვილის დაბადების დღე რომ დგება. განსაკუთრებით, პირველის).

ვიცი, რომ ძალიან ბავშვურია, მაგრამ ისევე, როგორც წინა 24 შემთხვევაში, ახლაც მგონია, რომ 00:00-ს დადგომისთანავე, რაღაცა სასწაულები მოხდება ცაზე (მინიმუმ, ფეიერვერკი) და ყველა გაიგებს, რომ ასეთი კარგი, გადასარევი და არაჩვეულებრივი მე დავიბადე. კიდევ, სულ მგონია, რომ ამ დღეს ყველაფერი გეპატიება, ყველას უყვარხარ და, საერთოდ, ბედნიერებაა რომ არსებობ. :)

ჰოდა, წელს ყველაზე უცნაური დაბადების დღე მექნება. ფართიდან პირდაპირ აეროპორტში. კიდევ მგონია, რომ ხვალ ბევრი სიურპრიზი მელოდება, კიდევ ის, რომ განსაკუთრებით ბევრი პეპელა იფრთხიალებს ჩემს მუცელში, კიდევ ბევრი რამე მგონია, თუმცა ყოველ წელს მხოლოდ მგონია - სასწაულები არ ხდება. :))

არადა, 25 უკვე სერიოზული ასაკია. რამდენიმე საათში ჩემი ორგანიზმი ზრდა-განვითარებას შეაჩერებს და 167 სანტიმეტრს სიმაღლეს მხოლოდ ქუსლებით მოვუმატებ. კიდევ, 26-ე წელიწადის ათვლას დავიწყებ, კიდევ, ბევრი კარგი რამ მოხდება.

ყველაზე მთავარი, რასაც ამ 25 წლის მანძილზე, მხოლოდ შარშან მივხვდი, ისაა, რომ ტოლსტოი მართალი იყო. თუ გინდა, იყო ბედნიერი, იყავი. ამაში ხელს არავინ გიშლის.

ჰოდა, საუკუნის მეოთხედის მიწურულს, მე ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. <3

Thursday, May 1, 2014

შიში, რომელიც სიძულვილს შეიქმს

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ერთ-ერთი გავლენიანი ინსტიტუციით, ეკლესიით ინტერესდება. იწყებს წირვაზე სიარულს, აღსარების ჩაბარებას, ზიარებას, მარხვის განმავლობაში არც სამარხვო გემრიელობებს მოიკლებს და გახსნილების დღეს ხორცსაც სვავივით დააცხრება. ეს ჩვენი, სამწუხარო, მაგრამ მაინც რეალობაა.

მიუხედავად ისეთი რელიგიური რიტუალების ძირეული წესების სისტემატური დარღვევისა, როგორებიცაა მარხვა, ზიარება, აღსარება, წირვაზე დგომა და სხვა, თითოეულ მორწმუნეს ღრმად სწამს, რომ ღმერთთან სხვაზე უფრო ახლოსაა და დიდი ყურადღებით, ხშირად, თითის წვერებზე აწევითაც უსმენს ქადაგებას. მოძღვრებას ამბიონიდან, რომელსაც ძალიან ბევრი კრიტიკული გაანალიზების გარეშე იღებს და ზედმიწევნით ასრულებს.

ამის შედეგად გასული წლის 17 მაისი მივიღეთ, მანამდე ID ბარათებში ჩასახლებული ეშმაკის უაზრო პროტესტი, უფრო ადრე კი, საკუთარი ტოლერანტობით მოამაყე ერი, ჩასაქოლად დასდევდა იეღოვას მოწმეებს. წელს ახალი და, ალბათ, სახელმწიფოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას დღის წესრიგში: ანტიდისკრიმინაციული კანონი.

კონკორდატი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, რაც არ ნიშნავს იმ პოზიციების დათმობას, რომელიც სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთთანამშრომლობა ეკლესიის სექტორში ადეკვატური დამოკიდებულებების მქონე პირებთან კონსულტაციებს გულისხმობს.

არ შეიძლება, ქვეყნის განვითარებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის განხილვა სინოდის სხდომად გადააქციო, თუმცა სინოდის სხდომასაც გააჩნია, რა კატეგორიის სასულიერო პირებთან ერთად იხილავ. არ შეიძლება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვა ისეთ სასულიერო პირებთან, რომლებიც 17 მაისის მოვლენების მთავარი მოქმედი პირები იყვნენ, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ სექსუალური უმცირესობების ადგილი საქართველოში არ არის და ისინი აქ საჭირონი არ არიან, რომლებიც ხმამაღლა, პარლამენტის ტრიბუნიდან იმუქრებიან, რომ ამ კანონის მიღება და ეკლესიისა და ერის წინააღმდეგ წასვლა (რა უფლებით ლაპარაკობენ ერის სახელით, უცნობია), არ წაადგება ხელისუფლებას და შენობიდან გამოთრევით ემუქრებიან იმ დეპუტატებს, რომლებიც კანონპროექტს დაუჭერენ მხარს. 

ყველა, ვისაც ანაფორა აცვია და ამბიონიდან ქადაგების უფლება აქვს, რეალურად, საჯარო პირია. პირი, რომელსაც, ათეულობით ადამიანი ყოველ კვირა დღეს შეჰყურებს და მისი სიტყვების სჯერა. სამწუხაროდ,  სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ენას, ღმერთის სახელით, ღმერთის სახლში, ბევრი ისმენს. რამდენი სასულიერო პირისგან გაგვიგია უმცირესობებზე, რომ "მათი ადგილი აქ არ არის", რომ ისინი ავადმყოფები არიან, რომ მათთვის ქვის სროლა სამოთხის კართან კიდევ ერთხელ მიგვაახლოვებს.. ისიც წარმოიდგინეთ, რამდენია მათ შორის ისეთი, რომლებსაც არც ანტიდისკრიმინაციული კანონპოროექტი წაუკითხავთ და რომც წაიკითხონ, შინაარსს მაინც ვერ გაიგებენ? თუმცა ქადაგებენ - ქადაგების უფლებას სიძულვილის ენის გამო, მათ არავინ უზღუდავს.

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ სასულიერო პირებს უკან მრევლი დგას. მრევლი, რომელიც 17 მაისს ადამიანების დასახოცად იყო მზად, მრევლი, რომელიც ჭელაში საკუთარ მუსლიმ მეზობლებს დაუპირისპირდა, მრევლი, რომელმაც სამთაწყაროში მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მისცა, მრევლი, რომელიც მათი ხელიდან იღებს ზიარებას - შვიდს შორის ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ საიდუმლოს, მრევლი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ღმერთი სიყვარულია. ისეთი სიყვარული, რომელსაც ამბიონიდან უქადაგებენ და რომელიც განსხვავებულის შეუწყნარებლობას გულისხმობს. 

ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს არა რომელიმე ინსტიტუციის, არამედ, ხალხის. უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილებები და კანონები, რომლებიც სახელმწიფოს განვითარებისათვის არის საჭირო, არ უნდა ათანხმებდეს კანონის ყველა პუნქტს საპატრიარქოსთან და თითის ერთ დაქნევაზე მათ სასარგებლოდ არ უნდა ცვლიდეს. არ შეიძლება, რომ კანონპროექტიდან ამოიღო მნიშვნელოვანი პუნქტები და ჩაწერო, რომ პირდაპირ დისკრიმინაციად არ ჩაითვლება მოქცევა, რომელიც ლეგიტიმურ მიზანსა და საზოგადოებრივი მორალის დაცვას ემსახურება. არც ის შეიძლება, საზოგადოებრივი მორალის დაცვის მიზნით, კანონმა დისკრიმინაცია დაუშვას. იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მორალი ფართო და ინდივიდუალურად აღქმადი ცნებაა, რომელიც მომავალი 17 მაისის, ჭელას მოვლენებისა თუ სამთაწყაროს განმეორებისაგან ვერ გვიხსნის. 

არადა, ზემოთჩამოთვლილი ქმედებების მიზეზი შიშია;
შიში, რომელსაც მოკვდავებში ღმერთისა და ეკლესიის ავტორიტეტი იწვევს;
შიში, რომელიც სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს შეიქმს;
შიში, რომელსაც, მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ყველა ერთად დავძლევთ. 

 
Powered by Blogger