Thursday, July 31, 2014

ქალი, რომელმაც ბიჭი გვაჩუქა

თითქმის, 20 წლის წინათ, ლონდონის ერთ-ერთ კაფეში, საგონებელში ჩავარდნილი ქალი შევიდა. ის ცოტა ხნის წინ გაშორდა ქმარს, სამსახურიდანაც ახალი წამოსული იყო და მატერიალურად უჭირდა. ქალმა ჩაი შეუკვეთა, ამოიღო ბლოკნოტი და შვილისათვის ძილის წინ მოსაყოლი ზღაპრის წერა დაიწყო.

ბოლო სამი თვეა, ამ ქალზე ყოველ საღამოს ვფიქრობ. სამსახურიდან რომ არ გამოეშვათ, დედა რომ არ გარდაცვლოდა, ქმარს რომ არ გაყროდა და ეს ყველაფერი ერთმანეთს რომ არ დამთხვეოდა, გვექნებოდა თუ არა წიგნი, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის შედევრია.

მე შემიძლია, სხვებისაგან გამოვარჩიო ადამიანი, რომელსაც "ჰარი პოტერი" არ წაუკითხავს. ისინიც, ვინც ცხვირს იბზუებს და მას ამრეზით უყურებს. თუმცა ყველაზე მეტად ადამიანთა ის კატეგორია მეცოდება, "ჰარი პოტერი" რომ საბავშვო წიგნი ჰგონია. წიგნი, რომელშიც ჩვენი ყოველდღიურობა, გარემოცვა, სამსახური, სკოლა, ოჯახი, მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკა, პოლიტიკოსები და მედია, მთლიანად არის გაშიშვლებული და სუსტ წერტილებში ურტყამს.

"ჰარი პოტერი" არის ნაწარმოები, რომელიც მოდიდან არასოდეს გადავა. ისევე, როგორც ყოველთვის იქნებიან სკანდალისტი ჟურნალისტები, ხელისუფალნი, რომლებიც საფრთხის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციას მალავენ, მასწავლებლები, რომლებიც მხოლოდ იმ ბავშვებს სწყალბენ, გავლენიანი და მდიდარი მშობლები რომ ჰყავთ, მეზობლები, რომლებიც გარშემო ყველას და ყველაფერს ადევნებენ თვალს..

"ჰარი პოტერს" 100-200-300 წლის შემდეგაც ისევე ინტერესით წაიკითხავს ყველა ასაკის მკითხველი, როგორც დღეს - ეს ხომ წიგნი ყველასთვისაა, წიგნი, რომელშიც საკუთარი თავის, მეგობრის, მეზობლის და მზესუმზირის გამყიდველის ამოცნობაც კი შეგვიძლია.
"ჰარი პოტერი" არ არის საბავშვო წიგნი. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა.

დღეს ჰარი პოტერი 34 წლის გახდა. ის მაგიის სამინისტროში ავრორად მუშაობს და უამრავ შვილს ზრდის ჯინისთან ერთად. ალბათ, მისი ყოველდღიურობა ისეთივეა, როგორც ყველა მამისა და ოჯახის უფროსის - მაგლებისაგან განსხვავებით, ცოტა მაგიურიც და ისეთიც, პოპულარულ  ადამიანს რომ შეეფერება.

დღეს საღამოს პოტერებთან უისლი-გრეინჯერის ოჯახი შეიკრიბება. ბურბურახს დალევენ, თავის ყოველდღიურობაზე ისაუბრებენ და გაერთობიან. ჰერმიონა ყოველგვარი წესების დარღვევის წინააღმდეგი იქნება, რონი კი, მისგან მალულად, ჰარის ჩუმად მოუყვება, როგორ აიღო მოტოციკლეტის მართვის უფლება.

31 ივლისი ერთი ქალის დაბადების დღეც არის. აი, იმ ქალის, პოსტის დასაწყისში რომ ვახსენე. მის გარეშე ჯადოქრების ეს საოცარი სამყარო არ გვექნებოდა. არც ჰარი პოტერი გვეცოდინებოდა, არც მაგიის სამინისტროს შიდა ინტრიგებს გავიგებდით და არც მსოფლიოში ყველაზე მაგარი კაცის, სევერუს სნეიპის შესახებ გვექნებოდა წარმოდგენა.
ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: მე ბედნიერი ვარ, რომ იმ ეპოქაში დავიბადე, რომელშიც "ჰარი პოტერი" დაიწერა და რომელშიც მაქვს შანსი, მის გენიალურ ავტორს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევხდე, მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერო და ვკითხო, როგორ შეძლო, ამდენი სენსიტიური თემისა და ხასიათების ზუსტად დაჭერა.

დაბადების დღეს გილოცავ, ჯოან. შენც, ჩემს თავსაც და "ჰარი პოტერის" თაყვანისმცემლების არმიასაც. განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც წიგნში შენს მთავარ სათქმელს ჩაწვდა - სათქმელს, რომელიც, ჯერჯერობით, შენზე კარგად არავის გადმოუცია.

2 comments:

k84u.com said...

ამ პოსტის კითხვა დავიწყე, მერე შევჩერდი, ვიკიპედიაში ჯოან როულინგის ბიოგრაფია გავხსენი, მეტნაკლებად გადავიკითხე და ისევ აქ გავაგრძელე კითხვა.
პრესასთან ცუდი დამოკიდებულება ჰქონია :D ასე რომ, ფრთხილად.
ისე კი, მე არ მაქვს წაკითხული და არც ვაპირებ. უბრალოდ არ მაინტერესებს ექსპელიარმუსები და ბიძია ვერნონები. არ მიყვარს ეს ჟანრი უბრალოდ.
თუმცა, მეც დარწმუნებული ვარ, რომ წლებს გაუძლებს ეს ნაწარმოები და წლების შემდეგაც აქტუალური, კითხვადი და საინტერესო იქნება.

Lado Lomsadze said...

დეიდა ჯო <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger