Sunday, August 17, 2014

აგონიაში მყოფი პეპლები

ყოველ წელს, სექტემბრიდან მაისამდე, ზაფხულს ველოდები. ზაფხულს, მზეს, სითბოს, ენდორფინებს, პეპლებს მუცლებში.. ასე მგონია, ზაფხული ბედნიერების პერიოდია როცა ყველაფერი კარგად უნდა იყოს.

წლევანდელი ზაფხული ისე გავიდა, ვერაფერი გავიგე. ჩემი ზაფხული დაიკარგა. ათასმა სხვადასხვა მიმართულების მქონე საქმემ შთანთქა და როცა ამოვყვინთე, უკვე აგვისტო ყოფილა. :)

რამდენიმე დღეში სტამბულში წავალ. ცოტა აზრზე მოვალ, შემდეგ რაციონალურად მივხედავ საქმეებს. დღეს ვკითხულობდი ზუსტად, რომ ადამიანებს საკუთარი სურვილებისა და გეგმების განხორციელებაში ხელს მხოლოდ შიში უშლით. ისე, ეს ფაქტორი რომ არ არსებობდეს, დედამიწაზე მხოლოდ წარმატებული ადამიანები იცხოვრებდნენ და ცხოვრებას აზრი დაეკარგებოდა. ყოველ შემთხვევაში მგონია, რომ ადამიანების სიცოცხლეში ყველაზე საინტერესო ის პროცესია, რომელსაც მიზნის მიღწევამდე გავდივართ.

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი მეწერინება. თითქოს, მეორე სუნთქვა გამეხსნა. მინდა ვიჯდე და ვწერო. ვწერო ბევრი, ბევრ საინტერესო ადამიანზე, თემაზე, მოვლენაზე.. დავწერო ჩემი პირადი აღმოჩენები და მიგნებები, შევფუთო და მოხეტიელე წიგნივით გავუშვა. ამ თემაზე ბოლო ორი თვეა, სერიოზულად ვფიქრობ. თემა იდეა და სტილი მოფიქრებული მაქვს. დრო მინდა და ნებისყოფა, რომ ჩავუჯდე, მაგრამ სანამ ამას დავიწყებ, მანამდე ცხოვრებისეული მთავარი გეგმების განხორიციელებისათვის საჭირო საქმეებს უნდა მივყვე.

ხშირად ვფიქრობ შარშანდელ ზაფხულზე, გაზაფხულზე დატრიალებული ამბების კომპენსაციაზე, სტამბულზე, ჰამბურგზე, თბილისზე, მერე ზამთარზეც.. ახლა ზუსტად ის პერიოდი მოდის, როცა შარშან, ჩემთვის ჩავალაგე ჩემოდანი, მარტო წავედი აეროპორტში და მარტო გავემგზავრე იქ, სადაც არ ვიცოდი, რა მელოდა. როცა ამას ვიხსენებ, უცებ თავში მივარდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის შვიდი წელია დამოუკიდებლად ვცხოვრობ, უცხო ქვეყანაში მარტო წაბოდიალება ჩემი მეორე მესთვის კიდევ ერთხელ არის იმის დამტკიცება, რომ შეუძლებელი არაფერია. და რომ ყველაფერი ასრულებას ექვემდებარება, რასაც გულით მოინდომებ. ამაში უამრავჯერ დავრწმუნდი.

... წარმატებებისა თუ წარუმატებლობების მიუხედავად, ცხოვრებაში მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, რომელთა გაფუჭება და დაკარგვა დედამიწის ზურგზე არც ერთი სხვა ადამიანის გამო არ ღირს. მიუხედავად ამისა, თუ იმ მომენტში თავი მართალი გეგონა, მჯერა, რომ ცხოვრებაში არაფერს უნდა ნანობდე. როცა ურთიერთობებში რაღაცები არ გამოდის, მხოლოდ ერთის ბრალი არაა. მეორე მხრივ, არ შეიძლება ერთი მეორეს გამუდმებით აიძულებდეს, ურთიერთობაში ლიდერობა აიღოს - ეს არასწორი საქციელია.

ჯამში, ადამიანების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ნებისმიერ ურთიერთობას სერიოზულად უყურებენ. იმდენად სერიოზულად, რომ უტოპიური შიშის გამო, ნორმალურ ურთიერთობებს ვერ ახერხებენ. ამას თან ოიდიპოსისა და ელექტრას კომპლექსსაც თუ დავუმატებთ, არაჩვეულებრივ კომბინაციას მივიღებთ.

ზოგადად, ადამიანებს გვიჭირს იმის გააზრება, რომ ცხოვრებაში მთავარი ჩვენ ვართ. რომ ჩვენ გარშემო ბრუნავს დედამიწა, რომ ჩვენ წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას მასში მოხვედრილი ადამიანებითურთ. რომ არ შეიძლება ჯერ არდაწყებულ ურთიერთობებს სისულელეების გამო დავუსვათ წერტილი, უნდა გავაანალიზოთ, რომ საკუთარი თავის დასჯის მიზნით, ურთიერთობის უცბად შეწყვეტით, არ უნდა დავსაჯოთ ადამიანები, რომელთა მიმართაც გულგრილები არ ვართ, ამასთან, ყალბი ღიმილითაც კი არ უნდა მოვატყუოთ და გამოვიყენოთ სხვა ადამიანები მაშინ, როცა საერთოდ არაფერს ვგრძნობთ მათ მიმართ - ისინი არ იმსახურებენ ფუჭ იმედებს. მართლა არ იმსახურებენ.

ძალიან ძნელია მიხვიდე ადამიანთან და უთხრა, რომ გიყვარს. მაგრამ ამაზე ძნელია მიხვიდე მასთან და უთხრა, რომ გძულს. ამიტომ ვცხოვრობთ უაზრო დეკორაციებში, რომლებიც იმის მეოთხედის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევენ, რომელიც ჩვენი ცხოვრების მანძილზე უნდა მოგვესწრო.

...ორი-სამი დღის წინ მივხვდი, რომ მუცელში მოფარფატე ჩემი პეპლების ნაწილი აგონიაშია, ნაწილი გარდაცვლილა.. ძალიან შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ.. ჩემს საუნდტრეკებს კიდევ ერთი მიემატება და ბარემ აქვე დავაშეარებ. :))





1 comments:

Veronika Wonka said...

ra karg dros shemxvda es posti kargia <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger