Tuesday, September 16, 2014

დენ ბრაუნის სკანდალური წიგნები

თუ გაინტერესებთ მასონიზმი, ქრისტიანობისა და ვატიკანის დამალული საიდუმლოებები, რომლებიც ჭორის დონეზე ვრცელდება, თუ გიყვართ თრილერები, დეტექტივები სუპერგმირებით, თუ თქვენი საყვარელი ფილმი აგენტი 007 ან ინდიანა ჯონსია, მაშინ დენ ბრაუნი თქვენთვის წერს. გახმაურებული "და ვინჩის კოდის" ავტორი სხვა, არანაკლებ საინტერესო რომანების ავტორია, რომელთა შესახებაც მისმა თაყვანისმცემლებმა ყველაფერი იციან.

ბრაუნმა რომანების წერა 1998 წელს დაიწყო. მისი პირველი რომანი "ციფრული ციხესიმაგრეა", რომელშიც მოქმედება აშშ-სა და სევილიაში ხდება. შემდეგი რომანი
"Deception Point" პოლიტიკურ ელფერს ატარებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს, პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მათზე აგორებულ სკანდალს ეხება. სიმართლე რომ ვთქვათ, პირველი ორი რომანი დიდი ვერაფერია, თუმცა, მოგვიანებით, დენ ბრაუნმა მიაგნო ხერხს, რომლის მიხედვითაც მისი რომანები მსოფლიოს დღემდე ალაპარაკებს. მან შექმნა გმირი, რომელიც მისი საინტერესო ამბების ეპიცენტრშია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტ ლენგდონი, იდეალურთან მიახლოებული მამაკაცია. არის 40 წლის, სპორტული, კარგად ნავარჯიშევი, მარტოხელა და ქალების გულთამპყრობელი. აქვს საყვარელი ამოჩემებული ტანსაცმელი და ატარებს მიკი მაუსის საათს, რომელიც ბავშვობაში მისმა მშობლებმა აჩუქეს.

ბატონი ლენგდონი, არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემების გარდა, გონებრივითაც გამოირჩევა. ის ჰარვარდის უნივერსიტეტის წამყვანი აიკონოლოგი და სიმბოლოგისტია. მან ყველაფერი იცის უძველესი რელიგიებისა და ქრისტიანობის დამალული საიდუმლოების შესახებ და სწორედ ამიტომაცაა, ყველაზე საინტერსო საქმეებში რომ ეხვევა. და კიდევ იმიტომ, რომ ყველა მაგარი, ნიჭიერი და ლამაზი ქალი, წიგნის ბოლოს, მისი საყვარელი ხდება..

ლენგდონი დენ ბრაუნისათვის იგივეა, რაც სერ არტურ კონან დოილისათვის შერლოკ ჰოლმსი, აგათა კრისტისათვის ერკიულ პუარო, ჟორჟ სიმენონისათვის - კომისარი მეგრე, თუმცა მე მას, მე მაინც, სტივენ სპილბერგის პერსონაჟთან, სახელგანთქმულ ინდიანა ჯონსთან ვაიგივებ.

დენ ბრაუნი ამბობს, რომ მის ხასიათში აღწერა კაცი, როგორადაც ყოფნას თავად ისურვებდა. ამაში ახალი არაფერია. წიგნის მთავარი გმირები ხშირად სწორედ ავტორის იდეალურ ვარიანტს ან საოცნებო ადამიანს აღწერენ ხოლმე. ამ შემთხვევაშიც, ლენგდონსა და ბრაუნს თითქმის მსგავსი გამოცდილებები აქვთ. მართალია, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი არ არის, თუმცა დენ ბრაუნი სევილიაში, ხელოვნების ისტორიას სწავლობდა. სწორედ სევილიაში გატარებული პერიოდით არის შთაგონებული მისი პირველი რომანი "ციფრული ციხესიმაგრე".

დენ ბრაუნის რომანები, სკანდალური შინაარსის გარდა, ზუსტად გაწერილ დროში გამოიხატება. ხუთას-შვიდასგვერდიანი რომანების მთავარი მიმზიდველობა სწორედ შეზღუდული დროა. სულ რაღაც, 24 საათი, რომლის განმავლობაშიც რობერტ ლენგდონმა, თანმხლებ, მომხიბვლელ ქალთან ერთად, აუცილებლად უნდა ამოხსნას თავსატეხი და მსოფლიო სკანდალს გადაარჩინოს. არ ვარ დარწმუნებული, თუმცა მგონია, რომ სერიალ "24 საათის" იდეა, ავტორებმა სწორედ ბრაუნის ნაწარმოებებიდან აიღეს.

დენ ბრაუნის პირველ სამ რომანს დიდი წარმატებით არ უსარგებლია (არადა, "ანგელოზები და დემონები" მის ნაწარმოებებს შორის, ჩემი ფავორიტია), თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, ბრაუნი მიხვდა, რომ მისი ინტერესის სფერო (რელიგია, მასონიზმი) მარკეტინგულად უნდა შეეფუთა და ასეც მოიქცა."და ვინჩის კოდმა" მსოფლიო ყურებზე დააყენა. მასონიზმი, ტამპილიერები, ქრისტეს დამალული საიდუმლო, მკვლელობები და ფანტასტიკასთან მიახლოებული დასასრული (რომელმაც, ჩემი აზრით, ნაწარმოების მთელი ხიბლი გააფუჭა), სადაც მთავარი გმირი, სოფი, ქრისტეს პირდაპირი შთამომავალი გამოდის... ეს ყველაფერი კი ისე საინტერესოდ აქვს ბრაუნს ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ არაა გასაკვირი, ვატიკანის ესოდენ დიდი გულისწყრომა გამოეწვია. ლენგდონი პირველად "ანგელოზებსა და დემონებში" ჩნდება. სიუჟეტი აქაც ტაბუირებულ თემას ეხება და ვატიკანის გარშემო ტრიალებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული რომანი "და ვინჩის კოდის" წინამორბედია, საყოველთაო ყურადღების ცენტრში, მასზე გადაღებული ფილმის შემდეგ მოექცა. ფილმის პრემიერის ჩაშლას ვატიკანი აქტიურად ითხოვდა, მისი პრემიერა კინოთეატრებში, სასულიერო პირების მიერ ანთებული სანთლების ფონზე მიმდიანრეობდა...

მასონური ნიშნებისა და მასონიზმის შესახებ არის "დაკარგული სიმბოლოც", სადაც მთავარი გმირი, მალახი (Mal'akh), რომელიც დასაწყისში უმაღლეს მასონურ ლოჟაში აკურთხეს, მთელი წიგნის მანძილზე რაღაც მიზნისაკენ მიისწრაფვის და მკითხველს ამით აბამს. ნაწარმოები რობერტ ლენგდონის მეგობრის, პიტერ სოლომონის გარშემოც ვითარდება, რომლის ძებნაც მთელი ნაწარმოების მთავარი ამოცანაა.

დენ ბრაუნის ბოლო რომანი, "ინფერნო", 2013 წლის ბოლოს გამოვიდა. ბრაუნის თაყვანისმცემლები მას მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა "და ვინჩის კოდის", "დაკარგული სიმბოლოსა" თუ "ანგელოზებისა და დემონების" შემდეგ, პირადად მე, "ინფერნომ" იმედები ძალიან გამიცრუა. ნაწარმოების მთავარი მიზანია, რობერტ ლენგდონი დაეხმაროს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას, იპოვოს ეპიდემიის გამავრცელებელი კაპსულა, რომელიც მილიონერმა, ბერტრანდ ზობრიჩმა შექმნა, მისი პოვნის კოდი კი დანტეს "ღვთაებრივი კომედიის" "ინფერნოშია". ნაწარმოების ბოლო ნაწილი სტამბულში ვითარდება. ძალიან მწყდება გული, რომ წიგნი იქ ყოფნისას დავიწყე და დაბრუნების შემდეგ დავასრულე, თორემ ენრიკო დანდოლოს საფლავსაც ვნახავდი აია სოფიაში და ცისტერნასაც კიდევ ერთხელ ვეწვეოდი..

სკანდალისტი, პოპულისტი, ინტრიგანი და აფერისტი - ასე დავახასიათებდი დენ ბრაუნს უკვე ახლა, მისი ყველა რომანის წაკითხვის შემდეგ. ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია, მის ხელთ არსებული მცირე ინფორმაცია, ერთ დიდ ინტრიგად აქციოს, ინტრიგად, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სულმოუთქმელად ელოდება და კითხულობს..

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან, მისი რომანების კითხვისას, დენ ბრაუნზე ორი ვარაუდი მქონდა. ერთი, რომ თემაზე დიდი ინფორმაცია აქვს და მკითხველამდე ცოტას უშვებს, მეორე - რომ იცის ძალიან ცოტა, თუმცა შეფუთვის გადასარევი ნიჭი აქვს. საბოლოოდ, მეორე ვარიანტზე შევჯერდი.

ის, რომ რელიგიებსა და მასონიზმზე ბრაუნს მცირე ინფორმაცია აქვს, მისი ნაწარმოებების კვანძის გახსნისას ჩნდება. კვანძი ყოველთვის მარტივია და წიგნის მთავარი საიდუმლო ბანალურ რაღაცებში მდგომარეობს. შესაძლოა, ეს ამერიკელ მკითხველს საკითხის იდეალური გადაწყვეტა ჰგონია, ჩემი აზრით კი, მსგავსი გადაწყვეტები ნათლად აჩვენებს, რომ ავტორმა ან მუშაობა დაიზარა, ან - საკუთარ მკითხველს პატივს არ სცემს.

ბრაუნის ნაწარმოებები საინტერესოა ადამიანებისათვის, ვისაც მათში აღწერილი საკითხები აინტერესებს და დამწყების დონეზეა. მათთვის კი, ვისთვისაც ქრისტიანული საიდუმლოებები და მასონიზმის იდეა სიახლეს არ წარმოადგენს, არაფრისმომცემი იქნება.

მიუხედავად ამისა, დენ ბრაუნის ლექციებს, სადმე, უნივერსიტეტში, სიამოვნებით დავესწრებოდი. მართალია, ის პროფესორი ლენგდონი არ არის, თუმცა თუ ჩემს თეორიაში ვცდები და მას მასონიზმსა და ქრისტიანობის ისტორიაზე მართლა დიდი ინფორმაცია აქვს, მის ლექციებზე ჯდომა ჩემთვის, ერთი სიამოვნება იქნება.



1 comments:

Mama სოფი said...

ლენგდონს მე ვეძახი პროფესორ ჯეიმს ბონდს, ყველგან ახალი ქალი ჰყავს მასზე გადარეული.

და ვინჩის კოდი კიდევ სოფის ხათრით წავიკითხე, თორემ მაგისთვის დროს რა დამაკარგვინებდა. ჰოდა სულ ვხუმრობ, რომ მე ვარ ზუსტად ეგ სოფი, ქრისტეს შთამომავალი, სათნო და კეთილი :პ

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger