Monday, January 6, 2014

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე - არის თუ არა ღმერთი სიყვარული?

მართალია, საკვირაო ქადაგეგბებისას სახელმწიფო საქმეებში მითითებები, ოჯახში ქცევის წესები თუ რჩევები ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში არ გვაკლია, მაგრამ ქართველი ერი პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეებს, განსაკუთრებულად ელოდება. არ ვიცი, ბოლო პერიოდში, ეკლესიამ სახელმწიფოს საქმიანობაში ჩარევა ზედმეტად მოინდომა თუ მე გავხდი თემისადმი სენსიტიური, მაგრამ წლევანდელი საკვირაო ქადაგების გაცნობისას გამიჩნდა სურვილი, რამდენიმე პუნქტზე საკუთარი მოსაზრება დამეფიქსირებინა:
  • დედამიწის კანონებზე საუბრისას პატრიარქი ბრძანებს, რომ თანამედროვე სამყაროს მიზანია, ტაბუ აეხსნას ყველაფერს, დავივიწყოთ წარსულის ზნეობა და დავიცვათ ერთი აუცილებელი წესი: არ უნდა დაირღვეს უმცირესობათა უფლებები. აქვე ამატებს, რომ ყველას შეუძლია თავისი სიმართლე დაიცვას და თუ ერთი ნაწილის უფლებებს არ შელახავენ, არც მეორე მხარე დააბრუნებს პასუხს.

    უმცირესობა მრავალნაირი არსებობს, თუმცა პატრიარქის მთავარი სატკივარი სექსუალურ უმცირესობებს უკავშირდება. ზოგადად, თუ ამ ნაწილში საკუთარი სიმართლის დაცვაზე ვსაუბრობთ, ფაქტია, რომ სექსუალური უმცირესობები რაციონალურად აყალიბებენ საკუთარ არგუმენტებს (რაც, იდეაში, სხვისი უფლებების შელახვად არ უნდა მიიჩნეოდეს), არ ძალადობენ და მოსაკლავად არ დაეძებენ ადამიანებს ისე, როგორც ჭეშმარიტი ქართველები დაეძებდნენ 17 მაისს არარსებული გეი-პარადის მონაწილეებს. შესაბამისად, სასულიერო პირების მიერ, ტაბურეტკებითა და დედის ტრ****ის გინებით სირბილი და წელსზემოთ შიშველი ქართველი ვაჟკაცების უმიზნო რბოლა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატურია. ზოგადად, ეს თემა ძალიან სენსიტიურია და მიზანშეწონილია, პატრიარქი, საკუთარი მისიიდან და კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, არ ახდენდეს თემის პროვოცირებას.

  • ყველამ ვიცით, რომ ოჯახში, ისტორიულად და ეკლესიურად, კაცია უფროსი. ქალის საქმე კი სამზარეულო და საძინებელია. ოჯახი საიდუმლოაო, ბრძანებს პატრიარქი ეპისტოლეში და ამატებს, რომ ახალგაზრდები მოუმზადებლები ხვდებიან მას.

    ზოგადად, ოჯახები ახალგაზრდა ასაკში არ უნდა იქმნებოდეს ისევე, როგორც 15 წლისა არ უნდა ირჩევდე პროფესიას. გარყვნილებაში კი ჩამომერთმევა, მაგრამ ფაქტია, რომ 15-16 ან, თუნდაც, 20 წლის ასაკში ოჯახის შექმნის მთავარი მიზეზი სექსი და მისადმი ინტერესია. ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანს ღირებულებები, გემოვნებათა სისტემა და შეხედულებები ეცვლება, რაც ოჯახების უმეტესობათა ნგრევის მიზეზი ხდება.

  • ტექნოლოგიები სძაგს უფალსაო, სინჯარის ბავშვები და ხელოვნური განაყოფიერება არ შეიძლებაო, არც აბორტებიო, ოჯახი კი, რომელიც ბავშვს გეგმავს, კაენის სულს ვერ მოიცილებსო (!!). არადა, სწორედ ამ ტექნოლოგიების საშუალებით, რამდენი ადამიანი გახდა მშობელი, რომელსაც საკუთარი შვილი ბუნებრივი გზით არ ეყოლებოდა, თუ დაუთვლიათ ნეტავ?!
    რატომ არ ფიქრობს ეკლესია, რომ აბორტების სიმრავლე არა მშობელთა განსაკუთრებული სიბოროტის, არამედ, იმის არცოდნის ბრალია, თუ როგორ დაიცვას თავი არასასურველი ორსულობისგან. სხვათაშორის, ინფორმაციის არქონის ერთ-ერთი მიზეზი, ისიცაა, რომ 14-15 წლის მოზარდებისათვის ელემენტარულ სექსუალური განათლებისა და თავდაცვის საშუალებების გაცნობას, ეკლესია გარყვნილების პროპაგანდა უწოდებს და კრძალავს. ალბათ, უფრო გამართლებულია, 24 წლის გოგომ საშვილოსნოს მილები გადაიკეტოს იმიტომ, რომ მეხუთე შვილი არ გაუჩნდეს - მას ხომ არც თავდაცვის საშუალებების შესახებ სმენია რამე და არც იმის ფული აქვს, თუნდაც, ეს ოთხი რომ არჩინოს?
    ისიც გაუგებარია, ვერ ცხონდება ადამიანი, რომელიც ყველანაირი გამოკვლევისა და სამედიცინო პროცედურის გავლის შემდეგ დაგეგმავს ბავშვის გაჩენას. ამასთან, პატრიარქი ცოტა წინააღმდეგობაში მოდის ეპისტოლესთან, როდესაც საუბრობს, როგორ სჭარბობს თანამედროვე სამყაროში ბუნებრივი ინსტინქტები ღვთაებრივს. აბა, ბავშვების დაუგეგმავად, ცხრა თვეში ერთხელ, ყოველი სექსის შემდეგ გაჩენა სხვა რა არის, თუ არა იმ ბუნებრივი ინსტინქტის გამოვლინების შედეგი რომელიც ადამიანს, ისევე, როგორც ყველა ცხოველს, აქვს?

  • მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეაო, პატრიარქი რომ აღნიშნავს, ეს მშობლებმაც იციან. უბრალოდ, ბევრს ბავშვების რჩენის თავი არ აქვს და ამიტომ ამჯობინებს აბორტს ან სხვა, ჯანმრთელობისათვის უფრო დამანგრეველი შედეგების მომტან საშუალებას, თუმცა მჯერა, რომ ღვთის მადლით გამთბარ საპატრიარქოს კედლებს იქით, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი ვერ არღვევს მყუდროებას. 
ქრისტიანობა (სახარებები, ყოველ შემთხვევაში,) ქადაგებს, რომ ღმერთი არის სიყვარული, თავისუფლება, აზროვნება და ყველა ის სიკეთე, რაც ადამიანებს ჰარმონიული ცხოვრებისათვის გვჭირდება. პრაქტიკაში კი ღმერთი მოშანტაჟის, შიშისა და დასჯის მექანიზმად გვევლინება. ყველა მორწმუნე ღმერთის რისხვის შიშში ცხოვრობს, არადა, იდეა იმდენად ჰუმანურია, რომ ღმერთი არ შეიძლება ბოროტი იყოს და იმ ადამიანთა ტანჯვის ყურება ანიჭებდეს სიამოვნებას, რომლებსაც კითხვები უჩნდებათ და აზროვნებას იწყებენ.. 

P. S. ჩემი წარმოდგენით, ღმერთი  ისეთ ადამიანებს უფრო დიდ პატივს უნდა სცემდეს, საკუთარ საქმეს რომ აკეთებენ, სხვებისაში რომ არ ჰყოფენ ცხვირს და, მით უმეტეს, რჩევა-დარიგებებსა და მითითებებს რომ არ იძლევიან თემებზე, გარტყმაში რომ არ არიან. 


 
Powered by Blogger