Sunday, February 9, 2014

რამდენიმე მითი ევროპა/ამერიკაში ნამყოფთა შესახებ

ევროპა, ამერიკა, აზია, აფრიკა.. კავკასიის მთების შვილი ქართველებისათვის ყველგან "კარგი პონტია" სომხეთისა და აზერბაიჯანის გარდა (ეს ორი და, ნაწილობრივ, თურქეთიც  საზღვარგარეთად არ მიიჩნევა). თუმცა, ადამიანები განსაკუთრებულად შემოგნატრიან როდესაც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, ანდაც, აშშ-ში იმყოფები. თუ სასწავლებლად მიდიხარ, მამაშენის ფულიანობას აბრალებენ, ხოლო თუ მამა ჯიბეებგაფხეკილი გყავს, ჰორიზონტზე არც საყვარელი შეგენიშნება და ევროპაში სამოგზაუროდ მაინც მიდიხარ - ე.ი. თავად იშოვე ბევრი ფული.
განვითარებული ქვეყნების მოვლას, საზოგადოების მხრიდან, თავისი წნეხი ახლავს. მისი ტარება სუბიექტისათვის ისეთივე აუცილებლობაა, როგორც პოლიტიკოსისათვის თმენის ვალდებულება. გთავაზობთ რამდენიმე პუნქტს, რომელიც ყველა იმ ადამიანს გამოუვლია, ვისაც პასპორტში საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი ბეჭედი აქვს ჩარტყმული:

1. საჩუქრები და სუვენირები - ევროპა და ამერიკა ბევრ ადამიანს აღთქმულ მიწად ეჩვენება, ბევრს - გარყვნილების ბუდედ, ბევრსაც - დასვენებისა და გართობის ადგილად, სადაც ყველა ბედნიერია და ყველაფერი კაპიკები ღირს. აბა, ასეთ შემთხვევაში როგორ არ დაგწყდება გული, როცა კარგი ცხოვრების მნახველი მეგობარი უბრალო ბრელოკს ჩამოგიტანს?. დაგწყდება კი არა, ცხვირსაც გემრიელად აიბზუებ, სხვებთან იჭორავებ და აუცილებლად დაიმახსოვრებ იმ დროისათვის, შენკენაც რომ გამოისვრის ფორტუნა; 
შედეგი - დარბიხარ, ცდილობ, ყველასთვის კარგი რამე იყიდო, ამასობაში, საკუთარი თავი, ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები გრჩებიან გვერდით. ჩამოტანის შემდეგ, ადრესატი ურეაქციოდ დახედავს, გვერდით გადადებს, მადლობას ცივად მოგიხდის და დააყოლებს, რომ გასულ კვირას, მაგალითად, აჭარის მაღალმთიანეთში სტუმრობისას, საერთოდ არ გახსენებიხარ. 

2. გართობა და ძიგძიგი - არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი მეგობარი რამდენი ხნით წავიდა ევროპაში, არც მიზანს, არც ყოველდღიური დატვირთვის ხარისხს. მთავარია, რომ აღთქმულ მიწაზე იმყოფება და თქვენს წარმოდგენებში ისე ერთობა, ყველაფერს იხევს თავზე. ამ წარმოდგენას ის ორიოდე კინკილა ფოტოც ამძაფრებს, რომელსაც შემთხვევითი მოცალეობის ან სასწავლებლის/სამუშაოს/ტრენინგისაკენ მიმავალ გზაზე, ადგილობრივი, რომელიმე ღირსშესანიშნაობის სიახლოვეს იღებს. ეს საკმარისია იმისათვის, რათა ფეისბუქის კომენტარებში, პირად მიმოწერასა თუ მეილებში რამდენჯერმე აღუნიშნოთ, რომ ხედავთ, რა მაგარ დროს ატარებს, რომ არაფერი ენაღვლება, რომ აწყობილი აქვს ცხოვრება, რომ მასთან გინდათ და ა.შ. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, მაქსიმალურად ვუბურღოთ ტვინი ათასი სისულელის კითხვით, რომელზე პასუხსაც გუგლი მარტივად გაგვცემს. აქვე, მაგრად უნდა გავბრაზდეთ, თუ დროზე არ გვიპასუხა.
შედეგი - საუკეთესო მეგობრების ამგვარ დამოკიდებულებას ეწირება ნერვები, ნაცნობების განსაკუთრებულ გააქტიურებას ფბ-ს ჩატში ჭეშმარიტ ელექტრონულ დივაისებსა თუ რესურსებთან, ფეხბურთის ანგარიშებთან თუ ლაურას მაღაზიაში "ალპენ გოლდის" ფასთან დაკავშირებით (თან აუცილებლად დალინკვას რომ გთხოვენ, თვითონ დაგუგვლაზე არ შეიწუხებენ თავებს), დრო, რომელიც არ გაქვს და ნერვები ( ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა გგონია, რომ არ იციან სად ხარ და ცდილობ, ნორმალურად უპასუხო. უცებ კი გწერენ, რომ ხედავენ, როგორ მაგარ დროს ატარებ), ხოლო უცნობების უაზრო გამოხტომებზე, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, რომ მოკვდნენ. 

3. ევროპული საღეჭი რეზინი - საზღვარგარეთ მიმავალ მეგობარს აუცილებლად უნდა დააბაროთ რამე. ბუნებრივია, ევროპაში სხვანაირ "ორბიტს" ჰყიდიან, ნუნების საჭრელი აქვთ სხვანაირად გალესილი, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ჭიქაც კი ევროპისათვის ცალკე მზადდება. ჰოდა, მეგობარი რისი მეგობარია, თუ თქვენთვის თავი არ შეიწუხა?. ამ ჯერზე კი შეწუხებას საერთოდ არ სთხოვთ. რა არის მისთვის 12 საათიანი სამუშაო და სალექციო დღის შემდეგ მაღაზიების მოვლა და ნუნების საჭრელის მონახვა? არაფერი. ეგ კი არა, ფრანგული სახის კრემის ყიდვაც არ უნდა გაუჭირდეს. ბუნებრივია, საკუთარი ფულით, რომ ჩამოვა, მერე მისცემთ. თუ არ ჩამოგიტანათ, მის ნამდვილ სახესაც დაინახავთ - ეგეთი ადამიანი მეგობრად არ გამოგადგებათ.  
შედეგი - შესვენებიდან შესვენებამდე სახეახეული დარბიხარ დაბარებული რომ ჯერ მოძებნო, მერე არჩიო, მერე ის იფიქრო, რა მოეწონება, მერე იყიდო, მერე ბარგში ჩატენო, მერე ჩამოიტანო და ბოლოს დაგიწუნოს და ის ეწყინოს, როგორ ვერ გაიაზრე, რა შეიძლებოდა, მას მოწონებოდა და მორგებოდა. 

4. "რა გენაღვლება, ევროპაში/ამერიკაში ხარ ნამყოფი" - ადამიანთა ნაწილს სერიოზულად მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ წასვლით, საკუთარი ცხოვრებისეული მისია შეასრულე და მუდმივრეჟიმიან ნირვანას სიკვდილამდე იმსახურებ. აქედან გამომდინარე, არ ძალუძთ, გაიგონ, რომ შეიძლება, რამე საზოგადოებრივი ან პირადი გაწუხებდეს. ყოველი წაწუწუნების შემდეგ, აუცილებლად მოგიტრიალდებიან და ჩაგაგდებინებენ ხმას სიტყვებით: შენ რა გენაღვლება, მოიარე მთელი ტოკიო და კამპალაო. 
შედეგი - ამ "ვითომ ხუმრობით" ნათქვამზე უკვე ვეღარ კაიფობ.

5. ინგლისური დილის ჩაი - არაამქვეყნიურად მეზარება პროვინციალიზმით დაავადებულ ადამიანთა საზღვარგარეთული ისტორიების მოსმენა და ყოველი მეორე წინადადების დაწყება რეჩებით: "მე რომ ლონდომში ვიყავი".. "ჩვენთან, მალმოში" "პარიზის შემდეგ "ანტრეს" კრუასანებთან შეჩვევა გამიჭირდა" და ა.შ. ამის გაკეთებას თავს მაქსიმალურად ვარიდებ. თუმცა, ადამიანთა ნაწილი, რომლებმაც შენი მოგზაურობოს შესახებ იციან, გამუდმებით, ვითომ ხუმრობით გეკითხებიან,  აქვს თუ არა იგივე გემო ინგლისურ დილის ჩაის საქართველოში, როგორიც მელბურნში. 
შედეგი - იგივე. 

არადა, სინამდვილეში, რეალობა სულ სხვანაირად გამოიყურება. როდესაც ევროპაში სასწავლებად მოდიხარ (არ აქვს მნიშვნელობა 4 თვით თუ 1 წლით), ეს მართლა სასწავლებლად წამოსვლას ნიშნავს. ამ პროცესს თან ახლავს სამეცადინოსთან გათენებული ღამეები (ისე, რომ სახლიდან უნივერსიტეტის იქით გზისა და ქალაქის არსებობის შესახებ, პრაქტიკულად, გადმოცემით იცი), მცირეხნიანი კურსებისას კი, 10-12 საათიანი ინტენსიური სალექციო რეჟიმი. არა, განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაინც მაგაზეა.. 

P.S. ზემოთ ჩამოთვლილი მითები და დამოკიდებულებები საკუთარ თავზე მაქვს ნაწვნევი და გამოცდილება მალაპარაკებს.



 
Powered by Blogger