Friday, March 14, 2014

როგორ დავლიე ცეცხლი

ალკოჰოლი არ მიყვარს. იშვიათად ვსვამ, თუმცა ხანდახან, როცა ძალიან გადავიწვები საქმეებით, ერთადერთი სურვილი მაქვს: წავიდე დისკოტეკაზე, ბევრი დავლიო და ვიცეკვო.

რვა მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. ყოველ რვა მარტს ვოცნებობ, ყვავილები არავინ მაჩუქოს. რატომ? ძალიან არ მიყვარს. და თუ მაინცდამაინც  ვინმეს ჩემთვის ყვავილის ჩუქება სურს, მირჩევნია, ცოცხალი, ქოთნით მაჩუქოს. ლამაზი ყვავილების თაიგული ჩემთვის გვამებთან ასოცირდება. ათეულობით ყვავილი კვდება იმისთვის, რომ ვიღაცა კიკინებიანი აღფრთოვანდეს და გულში სითბო ჩაეღვაროს. ალბათ, ასე უყურებენ უკიდურესი ვეგანები მცენარეულ ნაყოფსაც, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანები კრეფენ და საკვებად იყენებენ. თაიგულის გადაგდების მომენტია განსაკუთრებულად სევდიანი. სასევდიანო კი ცხოვრებაში იმდენი რამეა, მაინცდამაინც ყვავილების გამო არ ღირს, ხასიათის გაფუჭება.

ყვავილებზე გამახსენდა (მაინც როგორი სტერეოტიპულია), რომ არ არსებობს გოგო, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონია აბსურულად გაურკვეველი ტიპის ურთიერთობა ბიჭთან. ბიჭები ხომ ასეთები არიან, უკან დასახევ გზას ყოველთვის იტოვებენ და ძირითადად, აქტიურობისკენ შენ მოგიწოდებენ. რაღაცების გარკვევის თავი კი თვითონ როცა არ აქვთ, მაშინ შენ უნდა დასვა, უთხრა სათქმელი, ის მოგიყვება, როგორი გადასარევი გოგო ხარ, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, შენნაირ გადასარევ გოგოს თუ ოდესმე მისნაირი ძუნძგლიანი ბიჭი მოეწონებოდა, ბოლოს დაიშლებით და თავი მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო გეგონება (ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ ბიჭის ცხოვრებაში სხვა გოგო არ გამოჩნდება და არ მიხვდები, რომ სულ ერთი არ ყოფილა შენთვის).

ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ეს ეტაპი ახლა უდგას. ზის და ცრემლებს აღვარღვარებს. ასეთ დროს არ იცი, რა უნდა უთხრა ადამიანს. თავს მაინც უაზრო რაღაცების გახსენებით იმშვიდებს და არაფრით უნდა დაჯერება, რომ ის საქებარი სიტყვები, უხერხული საუბრის შემდეგ რომ უთხრა, ან ზოგად თემებზე მიწერისას რომ ეუბნება, მხოლოდ კომპენსაციაა, იმისა, მის გრძნობებს შესაბამისად რომ ვერ პასუხობს. ამიტომ, სარვამარტოდ, მეგობრები მთელი დღე ვმსჯელობდით, მივსულიყავით და წამოგვეღო სადმე თუ არა. იქ დარჩენას არც განვიხილავდით, პატარა სახლში ცხოვრობენ და მისი ოჯახის წევრების მყუდროების დარღვევა არ გვინდოდა.  ბოლოს, სამსაათიანი რეკვის შემდეგ, ტელეფონი აიღო და ჩვენს სტუმრობაზე თანხმობა განაცხადა, თანაც ღამისთევით, ოჯახის წევრები წასულები არიან სოფელშიო.

ასე, ათისკენ ავიფხიკეთ სახლებიდან და ძლივს გავაგენით ვარკეთილში. როცა ღამისთევით გოგოშკურ ფართიზე მიდიხარ, სასმელიც გინდა, მისაყოლებელიც და პიჟამოც. ქალაქში რაღაცების ყიდვა დაგვავიწყდა და ვარკეთილში მაღაზიის, თანაც 24 საათიანის პოვნა ხომ გინდა?! კალოუბანზე რომ ჩამოვედით, დიდი მარკეტი შემოგვეფეთა. თანაც - ოცდაოთხსაათიანი. „ფრესკოს“ არსებობის შესახებ პირველად გავიგე. ალბათ იმიტომ, რომ ფილიალები მხოლოდ გარეუბნებში ჰქონიათ.
ზოგადად, ღამით, დიდ მაღაზიებში რაღაცების ყიდვა სასიამოვნო იმითაა, რომ სალაროსთან უზარმაზარ რიგებში დგომა არ გიწევს. არც ახლა მოგვიწია. ვიყიდეთ ლუდები, წვენი, კოკა-კოლა და ორი ბოთლი უცნაური ჯიშის არაყი, რომლის სახელიც ვერ დავიმახსოვრე (ჩემნაირი დილეტანტი მხოლოდ „ნემიროვში“ ერკვევა).

 მომსახურების ქართულ სფეროში ყველაზე დიდ პრობლემას გამყიდველთა დაღვრემილი და გაბრაზებული სახეები წარმოადგენს. მათ ქაღალდის ფული ისე უნდა გაუწოდო, რომ მორალურად მზად იყო ცემისთვისაც კი. „ფრესკოს“ გოგოები კი უჩვეულოდ დადებითები აღმოჩნდენ. ეგ კი არა, ასლარიანი კუპიურის დაშლაც არ დაზარებიათ (ყოველ შემთხვევაში, ჩამოშვებული ცხვირი და აგდებული დამოკიდებულება არ უჩვენებიათ მაინც).

ვისაც კორტასარის „კლასობანა“ არ წაუკითხავს, ვერასოდეს გაიგებს, როგორ ჟღერს სიტყვებში მუსიკა, კერძოდ - ბლუზი. ხოლო ვინც გოგოშკურ ფართიზე არ ყოფილა, ვერასოდეს გაიგებს,  რას ნიშნავს განიტვირთო შემაწუხებელი ემოციებისგან ისე, რომ ფსიქოლოგი არ დაგჭირდეს და არც ის იფიქრო, ვინმეს  ზედმეტად ვაწუხებო.
ჩემს გოგოებს შორის, სიმთვრალის, ყველაზე ნაკლები გამოცდილება მაქვს. სასმელი დიდად არ მიყვარს, განსაკუთრებით, არაყს ვერიდები იმ გაჭედვების გამო, რომელიც ჯანსაღ კვებაზე მაქვს, მაგრამ ბევრი ჩიჩინის შემდეგ მაინც მომიწია როგორც კლარა ცეტკინის, ასევე, მაგარი გოგოების, დაუკვალიანებელი ბიჭებისა და, ბოლოს, იმ სკამის ფეხის სადღეგრძელოს დალევამაც, რომელზეც ვიჯექი.

შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრებაში მერამდენიღაცედ, ცეცხლი დავლიე. თან ისეთი ცეცხლი, რომ  დაძინებისა და გაღვიძების შემდეგ მივხვდი, ისევ მთვრალი ვიყავი. ცხოვრებაში პირველად მქონდა ბახუსის მსგავსიც.  ყელი რომ გიშრება, წყალი რომ გინდა, წყალზე რომ გული გერევა და ა.შ. ძლივს მოვედი სახლში, თუმცა დათვივით ვერ დავიძინე - არ მიყვარს ძილი.

ახლა ვზივარ, ამ პოსტს ვწერ და ვხვდები, რომ ყოველი სამუშაო დღის მიწურულს, დისკოტეკაზე წასვლის, უკიდეგანოდ დალევისა და ცეკვის სურვილი ისევ მიჩნდება - ეტყობა, ზედმეტად გადავიღალე. პარალელურ ფანჯარაში საერთო ჩატი მაქვს გახსნილი, სადაც ჩემი გულგატეხილი მეგობარი პოსტებს ღიმილაკებით გვწერს. არ ვიცი, პიჟამა-ფართიმ უშველა, დალევამ თუ გამოფხიზლების შემდეგ მიხვდა, იმ ბიჭს რომ ხელი უნდა დაუქნიოს, ქვეცნობიერად არ ჩამოეკიდოს (განსაკუთრებულად გულისმომკვლელია, შენ რომ ვერ აცნობიერებ ისე რომ ეწებები, ის თავის შორს დაჭერას ზრდილობიანად, მაგრამ მახეში გაბმული თაგვივით რომ ცდილობს და ამას თან ხალხი უყურებს), აქეთ-იქით თვითონაც მიმოიხედოს  და მასაც, სინდისის ქენჯნის გარეშე არსებობის საშუალება მისცეს.


P.S. არაყს კიდევ, მართლა აღარსოდეს დავლევ. :( 


 
Powered by Blogger