Thursday, November 13, 2014

ღამე და ილუზიები

მთელი დღის საგიჟეთიდან დაღლილი სახლში რომ შემოდიხარ, კარს რომ შემოიხურავ, ერთი წამით რომ მიეყრდნობი და თვალებს დახუჭავ, უკვე მარტო რჩები. მარტო შენს ნამდვილ ფიქრებთან, ემოციებთან და განცდებთან. ისეთ განცდებთან, რომლებიც შიგნიდან გღრღნის და მოსვენებას არ გაძლევს, თანაც, ცოტა არ იყოს, მაზოხისტურად სასიამოვნოც არის.

ალბათ, ამიტომაა ღამე 24 საათის ყველაზე ინტიმური პერიოდი. ჩამოვჯდები კუთხეში, საღამოს მუშაობის შემდეგ და საკუთარ თავს ვუღრმავდები.

რაც არ უნდა მატერიალური შემოვიყვანოთ, ბედნიერება ადამიანური ურთიერთობებით ისაზღვრება. ადამიანები ერთმანეთს იმიტომ უახლოვდებიან, რომ მარტოები არ იყვნენ და ამის ილუზიასაც ხშირად ვიქმნით. სინამდვილეში ადამიანი მარტოსულია. ის მარტო იბადება და მარტო კვდება. ვერავინ უმსუბუქებს ახალშობილს ჰაერის ჩასუნთქვით გამოწვეულ ფილტვების ტკივილს ისევე, როგორც ვერავინ და ვერაფერი შეუმსუბუქებს კვდომის პროცესში ასფიქსიით გამოწვეულ საშინელ ხუთვას.

ამას წინათ, ერთმა მითხრა, შენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდაო. რა თქმა უნდა, ეს სინამდვილეს არ შეეფერება, თუმცა კარგი დეფინიციაა და, პირადად მე, რამდენიმე ნაწილში მეცნო.

ცხოვრების მანძილზე უამრავ ადამიანს ვიძენთ და ვკარგავთ. ზოგჯერ ადამიანებთან რაღაცები გამოდის, ზოგჯერ - არა. წლების შემდეგ ყველაზე მტკივნეული, ალბათ, ის არის, როდესაც წარსულს გადმოხედავ და საკუთარ თავზე გაბრაზდები, რატომ არ გეყო ერთი ადგილი, ესა თუ ის ურთიერთობა გაგერკვია, ამა თუ იმ მეგობრისათვის პირდაპირ გეთქვა სათქმელი, თავგასული თანამშრომლისთვის თავზე დაგემხო.. ამიტომაც ვარ მომხრე ყველანაირი ურთიერთობის გარკვევის.

ამ ყველაფერს შიში იწვევს. შიში, რომელიც ადამიანებს ბოჭავს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. შიში კლავს ჩვენში კრეატივს, სილაღეს, თავისუფლებას... ასაკის მატებასთან ერთად, შიშიც იზრდება და ჩვენი სილაღეც ქრება. ყოველდღიურად გვაწუხებს მატერიალური კეთილდღეობის, საყვარელი ადამიანების, მეგობრების, სამსახურის, ძვირფასი საქმის დაკარგვის, ადამიანებისადმი ჩვენი გრძნობების გამხელის, კითხვა "მერეს?_ შიში...

მე ღამის ყველაზე მეტად მეშინია. ასე მგონია, დაბადება და გარდაცვალება ღამეს უკავშირდება. დაბადება, გარდაცვალება და სიმარტოვე, რომელიც ყველაზე მეტად გვაგრძნობინებს, რომ გარშემო ყველაფერი ილუზიაა და ჩვენ ისევე მარტოები ვართ ჩვენს ტკივილთან, განცდებსა და ემოციებთან, როგორც დაბადებისას.

P.S. სანამ ამ პოსტს ვწერდი, ფეისბუქზე დაიწერა, კახა ბენდუქიძე გარდაიცვალაო.
ღამეა...
 
Powered by Blogger