Sunday, November 23, 2014

ასტრიდ ლინდგრენზე, შვედეთზე და ბავშვობის ოცნებებზე, რომლებიც მოულოდნელად ხდება

ბავშვობაში, როდესაც თავზე საბანგადაფარებული, წიგნს ბატარიის სინათლეზე ვკითხულობდი, მთელი არსებით ვიყავი წიგნის გმირების ცხოვრებაში ჩართული.

- მართლა არსებობს მერი პოპინსი?
- როგორია იყო სოფელ ლიონებერგას გამგეობის თავმჯდომარე;
- როგორი საცოდავია ავრორა, რომელსაც მამა უვლის და დედა მუშაობს;
- რატომ ოცნებოდა მადსი, ჰქონოდა აბაზანა - ის ხომ ყველა ოჯახშია?

ჩემი პირველი სქელტანიანი წიგნი "პეპი გრძელიწინდა" იყო. უცებ, 5 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ მე მარტო არ ვარ და რომ სულაც არაა პრობლემა, თუ პაჭუა ცხვირზე ჭორფლები გაყრია. და რომ საკუთარი ჭორფლებით  უნდა იამაყო და არ აჰყვე ვიღაცების დაცინვას, ამ ლამაზი წინწკლების გამო რომ შენთვის გულის ტკენას ცდილობენ..

შემდეგ კარლსონი იყო - ჩასუქებული გოდორა, რომელიც მართლაც უცნაური კაცი იყო - პატარა ვაზასტანელი მოჩვენება, რომელსაც ხუთერეანი მონეტები უყვარს, პისტოლეტი აქვს და მოწყენილობისას ჰაერშიც ისვრის - სტოკჰოლმი სად იყო არ ვიცოდი, თუმცა დღემდე მჯერა, რომ ამ ქალაქის რომელიმე სახურავის თავზე, გოდორა კაცუნა მართლა ცხოვრობს და ახლა სვანტე სვანტენსონის შვილიშვილებს აბოლებს.

ჩემს წარმოდგენას ნამდვილად სცდება მოუსვენარი, ცელქი ბიჭი, რომელიც მოგვიანებით სოფელ ლიონებერგას კრების თავმჯდომარე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო, ავადმყოფი ოსკარი ექიმამდე მარტოს მიეყვანა, მანამდე ისეთი ონავრობები აქვს ჩადენილი, ვერაფრით წარმოიდგენ, მისგან სერიოზული კაცი თუ დადგება. ემილის კითხვისას ყოველთვის ჩემი სოფელი წარმომდიგებოდა ხოლმე თვალთ, ტყის ხსენებისას ჩვენი სოფლის ტყე, ბაღი და ბოსტანი, სადაც ბებიას ხშირად დავყავდით. გზად მაყვალს ვკრეფდით - ეგეთი გემრიელობა იშვიათი იყო. :) ემილის არ ჰქონდა მაყვალი, თუმცა ბევრი უცნაური საჭმელით კი სკდებოდა - მაგალითად შაშხი, შემწვარი გუფთა, ლორი, და ა.შ... სახელები არ მახსოვს, მაგრამ ჩემთვის, ისევე, როგორც 90-იანების  ბავშვთა უმეტესობისათვის, ეს დეფინიცია აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ყველაზე უჩვეულო ის გახლდათ, რომ შვედეთში ბავშვები ყავას სვამდნენ!.

შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბიულერბიუელი ბავშვები გამოჩნდენ: ლასე, ბოსე, ლიზი, ულე, გრეტა, ანა.. სამი სახლი, სამი ოჯახი, სამი ბავშვი და მათი სამომავლო გეგმები.. როგორ მინდოდა, მყოლოდა მეგობრები, რომლებთანაც საწვიმარი მილით მექნებოდა კომუნიკაცია.. მინდოდა, ისეთი ქარბუქი ყოფილიყო გარეთ, სკოლამდე ჩაფუთნულს მევლო, იქ მასწავლებელი ავადა დამხვედროდა და ჩაი მომედუღებინა..

ყოველთვის მინდოდა, ევა-ლოტა ანდერსთან დარჩენილიყო და მამამისს კალე ბლუმკვისტისათვის მისი მითხოვება არ გაებედა. მერე რა, რომ ანდერსის მამა მეწაღე იყო და დიდ ოჯახს გჭირვებით არჩენდა? ჩემს წარმოდგენაში ანდერსი გაცილებით სიმპათიური იყო კალეზე, გაცილებით ჟილკიანი და საბოლოოდაც, ალბათ, ცხოვრებაში უფრო მეტს მიაღწევდა. მანამდე კი სამმა მეგობარმა ერთად მოახერხა ორი დანაშაულის გახსნა. მწვანე გაბარდინი ახლაც არ ვიცი რა არის, მაგრამ ის ზუსტად მახსოვს, რომ მწვანე გაბარდინის შარვლებს, ნახევრად დაშვებული შტორების მიღმა, მხოლოდ დამნაშავეები ატარებენ.
"დეტექტივ კალე ბლუმკვისტის თავგადასავალში" პირველად აღმოვაჩინე სიტყვა "მევახშე", პირველად გავიგე ისტორიული წითელი და თეთრი ვარდების ომის შესახებ, პირველად მომინდა, ევა-ლოტას მამის გამომცხვარი ფუნთუშების ჭამა, პირველად მომინდა იქ, შვედეთში მოხვედრა...

სულ ბოლოს "ჩვენ სალტკროკელები ვართ" იყო. აი ასე - ბოლოსთვის შემოვიტოვე. დიდი ვიყავი რომ წავიკითხე, მაგრამ ალბათ, ის საუკეთსოა, რაც ბებია ასტრიდს ჩვენთვის დაუწერია. უნდა გაგიმხილოთ, არასოდეს მომინდება სალტკროკასავით ცივ კუნძილზე წასვლა და ცხოვრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქ უცნაური გოგო, ჩორვენი დამელოდება.

ჰოდა ახლა, როდესაც რამდენიმე დღით, იმის შესაძლებლობა მომეცა, ჩავბარგდე, მოვემზადო და (თითქმის) საშობაო სტოკჰოლმს ვეწვიო, ისევ ისეთი აღტაცებით ვფიქრობ, სტოკჰოლმის მრავალსართულიანი ბინების სახურავების დათვალიერებაზე, როგორც 20 წლის წინ. ისევ ისე მინდა, შვედური ფუნთუშისა და ყავის გასინჯვა, როგორც მაშინ....
თურმე, ოცნებები მოულოდნელად ხდება.
განსაკუთრებით, ბავშვობის..



 
Powered by Blogger