Thursday, April 23, 2015

Feeling emptiness

სულ ვფიქრობ, რომ ადამიანები ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე კვდებიან.

პროცესი, ძირითადად, ემოციურია და ის აღდგენას ექვემდებარება. ემოციური სიკვდილის შემდეგ ადამიანები, საკუთარისა თუ სხვების დახმარებით, კვლავ ცოცხლდებიან, თუმცა ახალ სიცოცხლეში გაცილებით ნაკლები ენერგია აქვთ.
ასეა, ემოციურ კვდომას დიდი ენერგია მიაქვს.

ამბობენ, რომ ფიზიკური კვდომის შემდეგ, ადამიანის სხეული იმ ენერგიას გამოყოფს, რომელიც გამოუყენებელი დარჩა და რომელიც, ალბათ, მისი კიდევ ერთი ემოციური კვდომისა და მკვდრეთით აღდგენისათვის არასაკმარისია.

მე კიდევ ვცდილობ, ნაცადი და უკვე ჩამოყალიბებული თეორიით დავიჯერო, რომ სამყარო ილუზიაა, რომელიც არ არსებობს, რომ არც ჩვენ ვარსებობთ ჩვენი ტკივილებით, სიხარულით, ენდორფინებით, პრობლემებით და ათასი წვრილმანით..
არც ჰაინრიხ ჰაინეს "Die Lorelei" არსებობს.

ამის გახსენების პარალელურად კი ვერ გავიგე, რა მდგომარეობაა, როდესაც არაფერს გრძნობ შიგნით, არც ემოციებს, არც განცდებს, არც გრძნობებს, არც კი ფიქრობ რამეზე..

ვერ სცნობ ნაცნობებს, მეგობრებს, არ გინდა არავის ნახვა, მხოლოდ სახლში შეკეტვა, კუთხეში ჩამოჯდომა..
ჩამოჯდომა..
ჩამოჯდომა
და მეტი არაფერი.

არც კითხვა, არც ფილმის ყურება, არც დასვენება, არც მუსიკა..

მერე ფიქრობ, რომ რაღაც რიგზე არ არის, როცა თვალებს ხუჭავ და წარმოდგენაშიც კი ცდილობ, გაუძლო ცდუნებას, დაყარო ყველაფერი და გავარდე ტყეში, მთაში, ბალახზე..
დაწვე გულაღმა და ასე იყო სამუდამოდ.

რატომ კვდებიან მიზეზის გარეშე ადამიანები ემოციურად, დეფ?


2 comments:

Rode said...

https://www.youtube.com/watch?v=9txg0XicoJ0

david trapaidze said...

ხოდა იმოქმედე. ბარე 3989 შტორმი გადავიტანეთ და ერთსაც არ დაესწარი :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger