Tuesday, July 21, 2015

ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული

მოვა და აფუთფუთდებიან პეპლები მუცელში, ლეიკოციტები და ერითროციტები  სისხლძარღვებში, ცისარტყელები და მზეები თავში; 
მოვა და ვიქნები ყელამდე სავსე და ვიფრენ ცაში;
სადაც არ იქნება ვალდებულებები;
არც გამოწვევები;
არც დასარეგულირებელი ადამიანური ურთიერთობები.

ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული და ვიქნები ყველაზე თავისუფალი ადამიანი იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც დედამიწაზე უცხოვრიათ;
მაშინ ყველა პირადი და საზოგადოებრივი ურთიერთობის ტესტი მექნება ჩაბარებული;
არ იქნებიან გარშემო უპერსპექტივოდ დაბოღმილი, სხვის პირად საქმეში მქექავი ადამიანები;
არც უტოპიური რომეოები;
არც ჯონ სნოუები;
არც გოგოები;
არც ბიჭები;
არც ქალები;
არც კაცები;
არც მეგობრები;
არც მეგობრების ურთიერთობები;
არც სხივსი ცოლები;
არც სხვისი ქმრები;
არც სხვისი დაქალები;
არც ჩამოუყალიბებელი ადამაინები;
არც იდიოტები..

არც მე ვიქნები ისეთი მომღიმარი, ხალისიანი და კარგი;
მე არ ვიქნები. 

აღარ მექნება მიზნები, რადგან ერთ მშვენიერ დღეს მოვიხედავ და დღევანდელივით გავაანალიზებ, რომ ჩემი ცხოვრების უტოპიური მიზნები რეალობად ვაქციე. ვაქციე  ცხოვრების საუკეთესო წლების ხარჯზე და მისით სიამოვნებას ვეღარ მივიღებ.

ერთ დღესაც მოვიხედავ და გამიკვირდება, როგორ ასწრებენ ადამიანები ასე ერთბაშად ყველაფერს. მერე დავფიქრდები და მივხვდები, რომ ისინიც ჩემნაირები არიან, რომ ფასადურად ისინიც ყველაფერს ასწრებენ, სინამდვილეში კი შინაგანი მარტოობით იტანჯებიან;
ჰყავთ მეგობარი, მაგრამ არ ჰყოფნით;
ჰყავთ პარტნიორი და არ აკმაყოფილებთ;
აქვთ შემოსავალი და დროის უქონლობის გამო ვერ ხარჯავენ;
არიან უამრავ ხალხში, მაგრამ არიან მარტონი;
ისინი ვერასოდეს უზიარებენ სხვებს ემოციებს და საკუთარ განცდებში იხარშებიან..

გაზაფხული ყველას ცხოვრებაში მოდის, მთავარია, არ გამოვტოვოთ.
 იმ გაზაფხულისათვის არ გვექნება არც გამოცდები, არც გამოწვევები, არც  სამსახურები, არც ვალდებულებები.. 
აღარ დაგვტანჯავს გრძნობა,რომ 10-15 რაღაც თუ ვიღაც ყოველდღე შენს ნაკუწებად დაგლეჯას ცდილობს, ყოველდღე თავის წილს ითხოვს შენგან, ითხოვს აგრესიულად, მაგიდაზე მუშტის ბრახუნით და მოკვლით გემუქრება;
აღარც სიცარიელის გრძნობა გვექნება, არც ცვლილებების სურვილი, არც აქედან გაქცევა მოგვინდება;
აღარც თვალების დახუჭვა დაგვჭირდება და იმის წარმოდგენა, რომ  ტრიალ მინდორზე, ბალახზე წევხარ, სუფთა ჰაერს სუნთქავ და მზე გიჭვრეტს თვალებში, არც პატარა ქოხზე იოცნებებ, არც ჰამაკსა და უამრავ წიგნზე, არც ადამიანებისაგან გაქცევაზე, იმიტომ, რომ ყველაფერი გექნება.. 
 
დიახაც, 
ჩემს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული და მეც მუდამ ახალგაზრდა ვიქნები!.

 
Powered by Blogger