Sunday, August 16, 2015

წერილი მე (არ მჭირდება მაგრამ იყოს)

"ზოგჯერ უკან ერთი ნაბიჯით უნდა დაიხიო რომ შემდეგ ორი ნაბიჯი გადადგა წინ." (c) ვიღაც ბრძენი კაცი.
ნაწილი I 

ამას წინათ ვწერდი, რომ პირადი ჩანაწერები მნიშვნელოვანი რამეა. რომ ძველი ჩანაწერების კითხვა გეხმარება, რეალურად გააანალიზო, როგორ გაიზარდე, რომ დიდი გოგო/ბიჭი ხარ, რომ შენს გარშემო "ქრაშებიც" შეიცვალა, მნიშვნელოვანი ბიჭებიც, გოგოებიც, მეგობრებიც, სამსახურებრივი მდგომარეობებიც, გამოწვევებიც.. ჰოდა, რომ კითხულობ, მშვიდდები, იმიტომ, რომ ზუსტად იცი, წლევანდელი პრიორიტეტები მომავალ წელს აღარ იქნება დღის წესრიგში.

კიდევ იმას ხვდები, რომ ადამიანები ერთმანეთისათვის, ნებსით თუ უნებლიეთ, მოტივატორები არიან, სიტყვითა თუ საქმით ერთმანეთს აქეზებენ და ეხმარებიან. ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა საუკეთესო თერაპიაა, რომელსაც კომპიუტერი, წიგნი, ინტერნეტი, სოციალური ქსელები ვერ შეცვლის. მიუხედავად ამისა, გამუდმებით გავურბივართ ადამიანებს, ვიკეტებით სადღაც სახლებში, ერთმანეთთან ვირტუალურად ვკონტაქტობთ და ეს გვაკმაყოფილებს. შემდეგ ადამიანებს ჩვენს წარმოსახვაში ვაცილებთ იმ რეალურ მახასიათებლებს, რომლებიც აქვთ და ვუტოვებთ იმას, რაც მოგვწონს, ხოლო როცა 1-2 თვის შემდეგ ვხვდებით, მათი რეალური სახე უკმაყოფილების შეგრძნებას გვიტოვებს და გული გვწყდება. ეს ყოველდღიური გამოცდილება კიდევ უფრი მეტად ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ იდეალურ ადამიანებს ვეძებთ საკონტაქტოდ/საურთიერთობოდ და მერე სულ იმედები გვიცრუვდება, თუმცა it's OK, ჩვენც ზუსტად ასევე ვუცრუვებთ სხვებს იმედებს. 


  ნაწილი II

ყველა ადამიანი ამბიციურია. 
ამბიციები წარმოშობის მიზნებს. 
ადამიანებს უჩნდებათ მიზნები. 
შემდეგ იწყებენ მათკენ სვლას. 

 არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც ოცნებას აიხდენ და მიზანს მიაღწევ, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს: მიზნის მიღწევა მით უფრო გეამაყება, რაც უფრო "ეკლიან" გზას გაივლი იქამდე. შემდეგ დგახარ მწვერვალზე, ღრმად ისუნთქავ ჰაერს, ორი წუთით თვითკმაყოფილება მოგიცავს და ფიქრობ, მერე რა? არც არაფერი. 

ზოგადად, მიზნები რომ არ არსებობდეს, არც ჩვენი ცხოვრება იქნებოდა საინტერესო და თავგადასავლებით სავსე. მიზნები და ოცნებები გვამოძრავებს და მათკენ სწრაფვაში გადის დრო, თუმცა გვეშინია. გვეშინია, რომ არ შეგვწევს მათი ახდენის ძალა, რომ ის იმდენად დიდია, რომ ვერასოდეს მივწვდებით და ბოლოს: ყველაზე მეტად, მათი ახდენის გვეშინია. შესაბამისად, ვიწყებთ მიზეზების ძებნას, რომ 60-70 წლის ასაკში გამართლება დავიწყოთ. მიზეზი სხვადასხვაგვარია: ზოგი კომფორტის ზონას ვერ ელევა, ზოგი მშობლებს, ზოგი მეზობლის აზრს და ასე, დაუსრულებლად.. 

ბოლოს გამოდის, რომ მხოლოდ ავანტურისტებს უმართლებთ. 
ალბათ, ამაში მდგომარეობს კანონზომიერება. 
ავანტურისტებს უნდა გაუმართლოთ. 
ავანტურისტები ცვლიან სამყაროს. 
გერქვას ავანტურისტი - ფრიად მომხიბვლელად ჟღერს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველი/მეორე/მესამე მარცხის შემდეგ ყურები არ ჩამოყარო. მიზნის მისაღწევად ახალ-ახალი ხერხებისა და გზების ძიება ინსტინქტურად უნდა დაიწყო (მე, მაგალითად, სასწაული უნდა მოხდეს, პირველ ჯერზე რომ გამიმართლოს. მხოლოდ მეორეზე მიმართლებს ხოლმე. :) თუმცა, იმედი მაქვს, ის სასწაული მოხდება წელს). კიდევ, რაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად აგიხდება. გამორიცხულია, ასე არ მოხდეს - რამდენჯერ გამომიცდია. :)) 

ნაწილი III
"Gone Girl"-ისეული ნაწილი: 
მე მგონი, შენთვის მნიშვნელოვანი რაღაცები ყველასთან კი არა, საკუთარ თავთანაც არ უნდა მოჰყვე:
 ა) სხვები ვერასოდეს გაიგებენ შენ რას განიცდი; 
ბ) ვერასოდეს თანაგიგრძნობენ ადეკვატურად; 
გ) სხვა ვერასოდეს გირჩევს, რა გინდა შენ და რა არის შენთვის უკეთესი; 
დ) სხვები არ არსებობენ. 

 არა, შენთვის მნიშვნელოვანი რაღაცები არავის უნდა მოუყვე. საკუთარ თავსაც კი. 

წინ დეკემბერია..

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger