Monday, October 19, 2015

საიდან მიაქვთ გაზეთები ბუებს?

დილაობით, როდესაც სტუდენტები ლექციებზე გადანაწილებამდე დიდ ჰოლში იკრიბებიან და საუზმობენ, სალექციო თემებს, პირად ცხოვრებას, სპორტულ აქტივობებსა თუ ახალ ამბებს განიხილავენ, უეცრად ჰაერიდან ფრთების ტლაშუნის ხმა ისმის და მაგიდებს კივილით გადაუფრენენ ხოლმე ბუები.

თითოეულ მათგანს ნისკარტში რაღაც უჭირავს. ეს რაღაც, ხშირად, გაზეთია. "დილის მისანი", რომელიც ჯადოქრულ სამყაროს ახალ ამბებს აცნობს.

როგორია ეს ახალი ამბები?.

მთავრობა ხანდახან ხალხს ატყუებს, ხანდახან საჭირო ინფორმაციას უმალავს, ხან თემების გადაფარვას სულელური ამბებით ცდილობს.. ერთი სიტყვით, გაზეთი სამთავრობოა და ისეთ ამბებს აქვეყნებს, მხოლოდ მაგიის სამინისტროს რომ აწყობს. ასეთი გაზეთები ყველა ქვეყანაში ერთმანეთს ჰგავს. მისი თანამშრომლებიც კი. ყველა ასეთ გაზეთში მუშაობს თითო სკანდალური რიტა სკიტერი, რომელიც არღვევს ყველა უფლებას, ყველა კანონს, მათ შორის, ჯადოქრულ სამყაროშიც უზღუდავს ადამიანებს პირადი ცხოვრების თავისუფლებას..

თუმცა ეს სხვა ამბებია. ამბები, რომლებზეც სხვაგან ვწერ და ჩვენი პოსტის თემა არ არის (პირადი ბლოგი ხომ ის სივრცეა, სადაც შემიძლია, უზომოდ სენტიმენტალური და ადამიანური ვიყო). ისე, სულ მიკვირიდა, რატომ იყო მხოლოდ ერთი გაზეთი ჯადოქართა სამყაროში?

ახლა კი, როდესაც თავი დილა/შუადღე/საღამოს ერთი სურვილითა და ამბით მაქვს გამოტენილი, როდესაც კონცენტრაციას მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით ვახდენ, როდესაც უფრო მეტი მეფიქრება "ჰარი პოტერზე", "მარწყვის მდელოებზე", ღამ-ღამობით ლურჯად განათებულ შენობასა თუ პატარა, წითელაბრიან და გრძელსახელიან სასწავლებელზე, ალაგ-ალაგ გამიელვებს ხოლმე კითხვა: საიდან მოაქვთ  ყოველ დილით ბუებს გაზეთები ჰოგვორტსის იმ უზარმაზარ, სასადილო დარბაზში?.

ჰოგვორტსი ჰოგსმიდთან ახლოსაა. ჰოგსმიდი სოფელია. სხვათა შორის, "ჰარი პოტერის" სასადილოების სცენა ოქსფორდის უნივერსიტეტის დარბაზშია გადაღებული. ალბათ, ჰოგსმიდიც ოქსფორდთან ასოცირდება - სოფელთან და არა უნივერსიტეტთან.

"დილის მისანი" უცნაური გაზეთია. ისევე, როგორც "ჰარი პოტერია" უცნაური წიგნი. ეს გაზეთი, თითქოს, ჟურნალისტიკის დაცინვასაც წარმოადგენს, ინფორმაციის მიღების ერთადერთ წყაროსაც, საუკეთესო ადგილსაც ჟურნალისტებისათვის და, ასე განსაჯეთ, "დეილი მეილის" პაროდიასაც. თუმცა,  "ჰარი პოტერი" ხომ ისედაც პაროდიაა. ცხოვრების პაროდია, რომელშიც საუკეთესო ადამიანური თვისებები იმარჯვებს. პაროდია მთავრობის, სასამართლო სისტემის, მედიის, მლიქვნელი და სახიფათო ადამიანების.. პაროდია და დაუნდობელი კრიტიკა.

ნეტა, შეუმჩნევიათ თუ არა ჯადოქრებს, პირველ სექტემბერს რომ ქინგს ქროსის სადგურისკენ მიიჩქარიან, იქვე მდგარი შუშის შენობა, რომელიც სავაჭრო ცენტრს უფრო ჰგავს. თუმცა ჯადოქრები მაგლები არ არიან. მათ არაჯადოქრულ სამყაროში ერთი მიზანი აქვთ: მივიდნენ ქინგს-ქროსის სადგურზე, იპოვონ მეცხრე და მეათე პლატფორმა და დაუგვიანებლად გაძვრნენ 3/4-ში.

ჯადოქრები ყურადღებას არ აქცევენ ამ შუშის შენობას, რომელიც უამრავი არასაჭირო, უფუნქციო და მაგლური ნივთით გამოტენილი ჰგონიათ. ისინი დარდობენ საკუთარ ჯიბეზე, საჰოგვორტსედ გამოსაწყობად რომ დაახარჯეს ბავშვებს, დარდობენ ბილეთის ფულზე, რომელიც ლონდონიდან ჰოგვორტსამდე არცთუ იაფია, დარდობენ წესებზე, რომელიც მაგლურ სამყაროში ჯადოქრობის გამოყენებას უკრძალავს, დარდობენ შვილებზე, რომლებსაც 9 თვის შემდეგღა თუ ნახავენ..

ჯადოქრებიც დარდობენ და ყურადღებას არ აქცევენ შუშის შენობას ქინგს ქროსზე, რომელიც შეიძლება "დილის მისანსაც" ეკუთვნოდეს და მაგიის სამინისტროსაც, საუკეთესო ამბებსაც ბეჭდავდეს და ყველაზე სულელურებსაც, სერიოზულ ანალიტიკასაც წერდეს და ყვითელ ამბებსაც, რიტა სკიტერებსაც ამუშავებდნენ და პროგრესულად მოაზროვნე ჟურნალისტებსაც..

ჰოდა, იქნებ, იქ, ჰოგვორტსში, ჯადოქართა სამყაროს საუკეთსო სასწავლებელში ბუებს გაზეთები ქინგს-ქროსზე მდებარე ამ შენობიდანაც მიაქვთ და როულინგს წერისას გამორჩა?.  იქნებ, მაგლურ სამყაროშიც აქვთ ადამიანებს საიდუმლო, როგორიც ბიძია ვერნონს და დეიდა პეტუნიას ჰქონდათ, საიდუმლო, რომელიც დილის შვიდ საათზე, სტამბიდან გამოსული პრესტიჟული, ანალიტიკური და არისტოკრატული გაზეთის ეგზემპლართა ნაწილის ბუებისათვის გადაცემას გულისხმობს?. იმისათვის, რომ მათ კილომეტრები შეუჩერებლად იფრინონ და მაგლური ამბები მიუტანონ საუკეთესო ჯადოქრული სასწავლებლის სტუდენტებს, საუზმეზე რომ შეკრებილან და თან საინტერესო ლექციებზე მიეჩქარებათ?.

იქნებ, ჯადოქრებსაც ისევე უხარიათ არაჯადოქრული გაზეთების გამოწერა, როგორც ჩემს ერთ_ერთ მეგობარს "ნიუ-იორკერის?"

იქნებ ისინიც ისეთივე ინტერესით ელიან საერთაშორისო ამბების მიმომხილველის სვეტს, როგორც მე ვარეფრეშებ ყოველდღე, მისი ახალი სვეტი რომ წავიკითხო და თავისი სამართლიანი კრიტიკით კიდევ ერთხელ მომფხანოს გული?.

იქნებ, ისინი მაგლურ გაზეთებში ეძებენ იმ განსხვავებულ, ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც არ გააჩნიათ?.

იქნებ, "დილის მისნისაგან" განსხვავებული პრესა მათთვის ისეთივე იატაქვეშეთის გამოცემაა, როგორც პროკლამაციები საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიაში?

იქნებ, ბუები პოულობენ შემოვლით გზას, რომ მიყრუებულ სოფელში, მიყრუებულ სასწავლებელში, განათლებასა და ინტელექტუალური მონაცემების გაზრდაზე ორიენტირებულ სტუდენტებს პროტესტის გრძნობა გაუჩინონ და ალტერნატივა მოითხოვონ?.

იქნებ, ცნებები: მიუკერძოებლობა და სრული დამოუკიდებლობა, ჯადოქართა სამყაროშიც ისეთივე ბლეფია, როგორც მაგლურში?.

საიდან მიაქვთ გაზეთები ბუებს ჰოგვორსტში, მისის როულინგ?..
მეშინია.


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger