Friday, October 23, 2015

მოაქვს თუ არა მშვიდობა გაეროს?

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიო დადგა გადაწყვეტილების წინაშე, მოეფიქრებინა რამე, რაც მშვიდობის დაცვას  შეუწყობდა ხელს. მოსაფიქრებელი აუცილებლად იყო, რადგან პირველის შემდეგ შექმნილმა „ერთა ლიგამ“ ვერ გაამართლა  -  20 წელიწადში ორი მსოფლიო ომი კი, დამეთანხმებით, მეტისმეტია.
გაერთიანებული ერების შექმნიდან 70 წელი გავიდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრიად უცნაური ამბები მოხდა გაეროს ტრიბუნაზე. გეოპოლიტიკა შეიცვალა, რიგი საკითხები დღის წესრიგიდან გაქრა (მათ შორის საქართველოსიც), რუსეთის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნაზე ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოვიდა, თუმცა ეს სხვა პოსტის თემაა.
გაეროს ხშირად აკრიტიკებენ, რომ ქმედითი არ არის, რომ მას მშვიდობის უზრუნველყოფა არ შეუძლია და ამის დასტურად ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტი, ღაზას სექტორში დატრიალებული ამბები, სირიის სამოქალაქო ომი თუ აფრიკის კონტინენტზე მიმდიანრე შეიარაღებული დაპირისპირებები მოჰყავთ. კრიტიკოსები მართლებიც არიან: მიგრანტთა კირზისის დროს, მაშინ, როდესაც ევროპის კონტინენტი სირიიდან ლტოლვილებს ვერ იტევდა, გაერომ ერთი-ორი პატარა განცხადება გაავრცელა და მორჩა. მიუხედავად ამისა, ყველას გვავიწყდება, რომ ბოლო რამდენიმე წელია ზღვარზე დავდივართ, 70 წლის მანძილზე მსოფლიო მაინც მშვიდად ცხოვრობდა.
ბავშვთა ქორწინება, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვები, ქალები კონფლიქტის ზონაში, ძალდობა.. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ორგანიზაცია მუშაობს სოციალურ საკითხებზე. საკითხებზე, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს ეხება. ასე, მაგალითად, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ქალთა უფლებებზე ისეთ ქვეყნებში, სადაც ქალთა წინადაცვეთა დღემდე ჩვეულ მოვლენად აღიქმება, სადაც ბავშვთა პროსტიტუციაა გავრცელებული. ქვეყნებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, მათ შორის ბავშვებსაც არ ეძლევათ ნორმალური განვითარების საშუალება. გაეროს დახმარებით პატარ-პატარა ცენტრები იქმნება, ამ ცენტრებში კი შემდეგ, ეს ადამიანები ქმნიან თავის სამყაროს.
დღეს ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის. უფრო სწორად, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ 2014 წლამდე, როდესაც მოძალადე ოჯახმა 26 ქალი შეიწირა. ნელ-ნელა ვერკვევით, რომ ქალიც ადამიანია, რომ ქალსაც აქვს უფლებები და რომ მისთვის პოლიტიკაც შეიძლება. ჩვენნაირ ქვეყნებში, პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით, გაერო ძალიან ბევრს მუშაობს გენდერული თანსწორობის დასანერგად პოლიტიკაში.
ბავშვთა შიმშილობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს არცთუ მცირე ნაწილს აწუხებს. ბევრგან კი დედებმა არ იციან, როგორ უნდა მოუარონ თავსა და შვილებს. ჰოდა, გაეროც, თავისი პროექტის ფარგლებში, ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც ზრუნავს.
ერთი სიტყვით, გაერომ თითქოს სახე იცვალა. ის ნაკლებად ერთვება სამშვიდობო პროცესებში, როგორც მომრიგებელი, ნაკლებად აკეთებს მკვეთრ განცხადებებს. მეტიც, ხანდახან ყველა სამშვიდობო განცხადება ისე ჰგავს ერთმანეთს, ფიქრობ, რომ ორგანიზაციაში ერთი შაბლონი აქვთ, რომელშიც მხოლოდ ქვეყნების დასახელებას ცვლიან. თუმცა თანხით, რომლებსაც წევრი ქვეყნები მშვიდობისა და საერთო მიზნებისათვის იხდიან, ორგანიზაცია, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავ ადამიანს ეხმარება.
თუ ჩვენ, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ახლოაღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებისა და გაეროს უმოქმედობის გამო ვართ გაბრაზებულები, თუ მიგვაჩნია, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს (ასეთ დროს გამოითქმის ეჭვიც, რომ მესამე მსოფლიო ომისგან არა ეს ორგანიზაცია, არამედ, მსოფლიო ლიდერების მეტ-ნაკლები „კეთილგონიერება“ გვაზღვევს), იქნებ დროა, გადაფასდეს გაეროს მიზნები. იქნებ, დროა, ის ჩამოყალიბდეს, დაახლოებით, ისეთივე ჰუმანიტარულ ორგანიზაციად, როგორიც „წითელი ჯვარია“? ორგანიზაციად, რომელიც იზრუნებს თანასწორობაზე, მშვიდობის განვითარებასა და იმ ადამიანების ბედნიერებაზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

აკი, ასეც იქცევა.

1 comments:

Sophie שרה Golden said...

მართლა გინდა ამ სათაურს პასუხი გავცე? :-/

უსაქმური და უვიცი დოყლაპიების გაერთიანება. როგორც წესი, ყველა გაერთიანება და პარტია ასეთია, მაგრამ გაერო მაინც განსაკუთრებით უსწრებს ყველას წინ.

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger