Saturday, December 5, 2015

მყუდრო ზამთარი

ჩრდილოეთში ზამთარი სხვანაირი იცის. ჩუმი, პირქუში, მკაცრი და, ამავდროულად, მყუდრო..
ჩრდილოეთში ზამთარი წელიწადის 9 თვეს იცის და გარეთ ცხვირსაც ვერ გაჰყოფ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ქუჩაში ცხელი გლინტვეინითა და ცხვირის მოყინული წვერით სიარულია.

ჩრდილოეთში მალე ღამდება. ზოგჯერ ოცსაათიანი ღამეებიც იცის. ამ დროს ბიბლიოთეკებში კომფორტია. შეგიძლია შეიკეტო, ჭიქა გლინტვეინი მოიდგა, სამეცადინო დაიხვავო და გემრიელად მოკალათდე წითელ პუფში.

ეს მაშინ ხდება, როდესაც უცხო ქალაქში ყოფნისას დასაშვებად მიიჩნევ, ქუჩაში წანწალის ნაცვლად ახალი აღმოჩენები კვლევებსა და სამეცნიერო ნაშრომებში იპოვო, საკუთარი დაამუშაო, თემები გადააკეთო და სავარაუდო ჰიპოთეზების აბსურდულობაში დარწმუნდე. მერე ხვდები, რომ ასეთ საქმიანობაში ჩართვა იმ ძვირფასი დროის კარგვაა, რაც ადამიანებთან ურთიერთობას უნდა მოახმარო, თუმცა მერე გახსენდება, რომ ადამიანებთან ურთიერთობით დაიღალე. დაიღალე მუდმივი უაზრო დიპლომატიით, უაზრო, ყოველდღიური რუტინით.. დაიღალე ჰიპოთეზებით, რომლებსაც ყოველ დილას ადგენ და ყოველ საღამოს თავზე გენგრევა. დაიღალე იმედგაცრუებებით, არშემდგარი საქმიანი და პირადი ურთიერთობებით, მოკლედ, ადამიანებით დაიღალე. რა მოხდა მერე, რა არის ცუდი მათგან ტაიმ-აუტის აღებაში?!.

ასეთ დროს ხუჭავ თვალებს, წარმოიდგენ სადღაც, ჩრდილოეთის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას, შენობას, რომლის წინაც რიგები დგას, გლინტვეინსა და დარიჩინიან ფუნთუშებს არიგებენ.. შიგნით შესვლისას კი იმ სამყაროში ხვდები, რომელიც მთელი ბავშვობა შენს წარმოსახვაში არსებობდა.. გლინტვეინს წრუპავ და ბავშვობის მოგონებებში ეშვები..
მერე თვალებს ისევ ხუჭავ და ისევ წარმოიგენ კიდევ ერთ ადგილს ჩრდილოეთში. ისევ ცენტრალურ უბანსა და ქუჩას, დიდ შენობას წითელი აბრით, მის ბიბლიოთეკას, რძიან ყავას, შოკოლადს და ახალ გამოწევებს, რომელთან გამკლავებაც სიამოვნებას გვანიჭებს..

მერე თვალს ახელ, რაღაცებს გადახედავ და რწმუნდები, რომ ასეთი ზამთრების გასატარებლად ყველანაირი ავანტურა ღირს. ჩრდილოეთში ხომ დღესასწაულებიც სხვანაირი იციან. გაცილებით გემრიელი, ვიდრე ჩვენთან, თუნდაც ერთი ჭიქა გლინტვეინით, აგიზგიზებული ბუხარით, სქელი, თბილი წინდებით, წიგნებით და ჩაით, რომელსაც ნებიერად წრუპავ...

ჩრდილოეთში ახალი წელი მოდის. მანამდე შობაა.
 
Powered by Blogger