Sunday, March 1, 2015

ადამიანური ურთიერთობები

მოდი შევთანხმდეთ, რომ ადამიანებთან კონტაქტი საკუთარ თავთან ურთიერთობისათვის გვჭირდება. ასე რომ არ იყოს, ჩვენ ვერ ვიქნებოდით ჭკვიანები, ამბიციურები, ემოციურები, მიზანდასახულები, არ მოგვინდებოდა გაგვეკეთებინა რაღაც - შემფასებელი არ გვეყოლებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენი ნიჭი დაიკარგებოდა. :)

მოკლედ, პროფესიულ და კარიერულ რაღაცებს ვგულისხმობ, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანები გეუბნებიან, რომ ლამაზი ხარ. მერე სარკეში გარბიხარ და იხედები, მერე საკუთარ თავს ეპრანჭები, მერე ვიღაცებს ხვდები, ვიღაცებთან არაფერი გამოდის, ვიღაცებს არ ატყუებ და მისივე კეთილდღეობისათვის თავიდანვე გულს სტკენ..
მოკლედ.. ადამიანური ურთიერთობები მგონია, რომ ყველაზე საინტერესო რამეა რაც კი ჩვენს სამყაროში არსებობს. ის ურთიერთობები, რომლებიც ვიღაცების გამო ინგრევა, ისინიც, რომლებიც არ გამოდის, ისინიც, რომელიც გამოდის და ისიც კი, რომელსაც არ ვაფასებთ (ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირად ოჯახის წევრებთან გვემართება). ყველა ურთიერთობა საინტერესოა იმდენად რამდენადაც ჩვენვე გვზრდის. თუ რაღაც გვეშლება, ვითვალისწინებთ, თუ სხვას ეშლება, ამასაც.. საერთოდ, ცხოვრებაში ყველაფერი თავის დროზე ხდება და რაღაცები იმიტომ არ გამოდის, რომ წინ უკეთესი გველოდება.

არ ვიცი, გაზაფხულის ბრალია თუ საკუთარ თავში ახალი აღმოჩენების, მაგრამ ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერი ვარ. საკუთარ თავში ვიპოვე ის, რასაც ადრე სხვებს შევნატროდი და ახლა ვცდილობ, თავიდან ბოლომდე კარგად შევისწავლო, რომ მერე საჭიროებისამებრ გამოვიყენო.

კიდევ იმას მივხვდი, რომ არსებობს ცხოვრებაში ეტაპები, როდესაც ბედნიერებისათვის არ არის საჭირო სხვა ადამიანი. თურმე, ამ ეტაპების დროს საკუთარი თავის დაფასება და მისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ.


 
Powered by Blogger