Thursday, May 19, 2016

2014-2016

უცნაური რამ ყოფილა ფრუსტრირება.

მეგონა, ისტერიკა იქნებოდა, აი, ისეთი, როდესაც კედელს თავს ურტყამ, ფეხებს აბაკუნებ, თითებს იმტვრევ, ბალიშის პირს სიმწრით ღეჭავ და ღმუიხარ. თან რომ ვერც ტირი, თან სიბრაზე და საკუთარი უსუსურობა გახრჩობს. მოკლედ, ისეთი ისტერიკა და თვითგვემა მეგონა, პირველი მიტოვების ან ცალმხრივი სიყვარულის შემდეგ რომ ემართებათ ადამიანებს - მერე ხომ ყველაფერს ვეჩვევით.

სინამდვილეში ფრუსტრირება სიცარიელე ყოფილა. აი, ასეთი. რომ ზიხარ და საერთოდ ვერაფერს გრძნობ: ვერც სიბრაზეს, ვერც იმედგაცრუებას, ვერც კუჭის ტკივილს. ვერაფერს გრძნობ უცნაური სიმშვიდის გარდა და ხვდები, რომ ნერვიულ სისტემას (თუ ასეთი რამ საერთოდ დაგრჩა) თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს - ამ სიცარიელეს აფარებს თავს და ცდილობს, ზღვარს იქით არ გადაუშვას ის მეილები, რომლებიც ყოველდღე მოდის, ის წერილები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახლის კარზე აკრული გხვდება, ის უცხო ზარები, მხოლოდ იმ ქალაქის სახელი რომ ეწერება და ნომერზე ცნობ - ახალი აკადემური შენობიდან რეკავენ.

ამ უცნაური ნირვანადან ოდნავი შეფხიზლებისთანავე ცდილობ, არ იფიქრო უშაბათკვირო ორ წელიწადზე, გამუდმებულ სტრესსა და დედლაინებზე, სირთულეებსა და სიზიფეს შრომაზე.. ცდილობ, არ იფიქრო, როგორ დაივიწყე ერთი ენა მეორის სწავლის ხარჯზე, ცდილობ, არ ჩაკლა ის მოტივაცია, რომელმაც ოცნებები საკმაოდ რეალურ და ხელშესახებ გეგმებად გადააქცია.

თურმე, ფრუსტრირება საკუთარი თავის ღალატიცაა და ყველაზე მტკივნეული ღალატი ყოფილა ღალატთა შორის. უცებ ხვდები, რომ ყოვლისშემძლე არ ხარ, რომ რესურსები არ გყოფნის, რომ ისედაც ბევრი რამეა ცხოვრებაში ისე, როგორც შენ გინდა და სრულიად საკმარისია, ოთხ კურდღელს ერთდროულად რომ წარმატებით იჭერ - მეხუთეს ადგილი აღარ არის.

ზოგჯერ ყველაზე ცუდი, რასაც ადამიანები საკუთარ თავს უწესებენ, დედლაინებია. სამკვდრო-სასიცოცხლო დედლაინები. ისეთი, თითქოს, მისი მოცემულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში ცხოვრება მთავრდება, არადა ძალიან კარგად იცი, რომ იმედგაცრუებები მოტივაციას გიორმაგებენ, რომ ცოტა ხანში, უფრო დიდი ამბიციებით დაიწყებ თავიდან და იმ ორ, უშაბათკვირო წელიწადს მესამესაც მიუმატებ და ისიც იცი, რომ უფრო მაგარი რამე გამოვა.

თუმცა, მანამდე წინ მტკივნეული ივნისის დასაწყისი, უფრო მტკივნეული ივლისის ბოლო და ყველაზე მტკივნეული 19 სექტემბერია.

ხშირად ამბობენ, ადამიანები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენო.
სინამდვილეში ადამიანები საკუთარ შეცდომებზე არასოდეს სწავლობენ.

3 comments:

Rode said...

:/

Rode said...

სმაილებით გამოხატული ფრუსტრირებული ემოციები...

dgiurad said...

საინტერესოა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger